15 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
88 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - ვინ და როგორ აირჩევს პარლამენტში მომავალ ომბუდსმენს, რეგლამენტის გარდამავალ დებულებაში განისაზღვრება

88 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - კენჭისყრით რეგლამენტში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა. სწორედ რეგლამენტის გარდამავალ დებულებაში განისაზღვრება, ვინ და როგორ აირჩევს საკანონმდებლო ორგანოში მომავალ ომბუდსმენს. ცვლილებათა პაკეტს ოპოზიციამაც დაუჭირა მხარი, მათ შორის "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ლელომ", თუმცა კონკრეტული დათქმებით. 

რა არის ცვლილებების მიზანი - მმართველი პარტიის არგუმენტი ინკლუზიურობის გაზრდაა, რომლის საფუძველზეც, უმრავლესობის განმარტებით, დამოუკიდებელი და ნეიტრალური კანდიდატურა უნდა შეირჩეს. "ქართული ოცნება" თავად კანდიდატის დასახელებას არ აპირებს, თუმცა გადაწყვეტილების შეცვლას იმ შემთხვევაში გეგმავს, თუ ოპოზიცია შერჩეული კანდიდატურებიდან არავის წარადგენს. 

ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ბოლო პუნქტის შესასრულებლად საკითხის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კანონპროექტის მომხსენებელთან ოპოზიციას ყველაზე მეტი შეკითხვა იმ ჯგუფთან დაკავშირებით ჰქონდა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა დააკომპლექტოს. იყო საპასუხო შეთავაზებებიც - ძალაში დარჩეს მოქმედი წესი. 

რა უფლებამოსილება ექნება და როგორ განისაზღვრება ჯგუფის შემადგენლობა - ამის შესახებ დეტალური განმარტება ცვლილებების ინიციატორმა სხდომაზევე გააკეთა.

რეგლამენტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტში მსჯელობა გრძელდება, ახლა კანონმდებლები საკითხის მეორე მოსმენით განხილვისთვის ემზადებიან. მოქმედ სახალხო დამცველს კი უფლებამოსილების ვადა დეკემბრის დასაწყისში ეწურება, პარლამენტმა შესაბამისი კრიტერიუმებით ქვეყნის ახალი ომბუდსმენი სწორედ ამ ვადამდე უნდა შეარჩიოს და დაამტკიცოს. სახალხო დამცველის არჩევას 90 ხმა ანუ უმრავლესობასთან ერთად ოპოზიციონერების ხმებიც სჭირდება.

დღის ამბები