სახალხო დამცველის არჩევის ახალ წესს მოქმედი ომბუდსმენი აკრიტიკებს. მას შემდეგ, რაც რეგლამენტში ცვლილებებს 88 დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ნინო ლომჯარიამ განცხადება გაავრცელა. მისი შეფასებით, ძირითადი საკითხების დარეგულირება გათვალისწინებულია ერთპიროვნულად, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, ბრძანების ფორმით, რაც გამორიცხავს გამჭვირვალობისა და ჩართულობის მაღალ ხარისხს.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარეს მიეცემა შესაძლებლობა კანონისაგან განსხვავებულად განსაზღვროს კანდიდატის წარმდგენი სუბიექტების წრე, რაც შეკითხვებს წარმოშობს, როგორც კანონის უზენაესობის, ისე საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით. ნინო ლომჯარია იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი მხედველობაში მიიღებს აღნიშნულ მოსაზრებებს.
ოპოზიციის ნაწილი, რომელმაც კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, სრულად იზიარებს სახალხო დამცველის შენიშვნებს. მეორე ნაწილი კი იგივე პოზიციაზე რჩება და აცხადებს, რომ ომბუდსმენის განცხადება მათ დამოკიდებულებაზე გავლენას ვერ მოახდენს.
პარლამენტის წევრი თამარ კორძაია შემფასებელთა ჯგუფის ერთპიროვნულად შერჩევის რისკს ხედავდა.
"პარლამენტის თავმჯდომარე ვალდებულია სახალხო დამცველის კანდიდატების შემრჩევი სუბიექტების კონსულტაციით შეარჩიოს შემფასებელთა ჯგუფი. ეს პოზიციები გაიზიარა ინიციატორმა. მე არ ვიცი ომბუდსმენის მიზანი რა არის, ეს მან უნდა თქვას. ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის მიზანია ერთი პუნქტი ომბუდსმენის არჩევასთან დაკავშირებით შესრულებული იქნას მაქსიმალური მონაწილეობით ოპოზიციის მხრიდანაც,"-აცხადებს თამარ კორძაია.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, პროცესი არ არის ინკლუზიური შესაბამისად "სტრატეგია აღმაშენებელი" მას მხარს არ დაუჭერს.
"სამუშაო ჯგუფი, როცა ერთპიროვნულად განსაზღვრას პირთა წრეს ეს ვერ ჩაითვლება ინკლუზიურ პროცესად. ვვარაუდობთ, რომ ეს ჯგუფი შექმნილია, რათა "ქართულმა ოცნებამ" გააკეთოს სელექცია და ამ ჯგუფში შეიყვანოს ისეთი აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც მისაღებია მისთვის და დაბლოკოს ის ორგანიზაციები, რომელიც მას არ მოსწონს," - განაცხადა მანჯგალაძემ.