პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს წუთიერი დუმილით გაიხსნა. დეპუტატებმა დედოფალ ელისაბედ მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს.
შალვა პაპუაშვილის თქმით, დედოფალი ელისაბედ მეორე 70-ზე მეტი წლის განმავლობაში რთულ და გამოწვევებით სავსე პერიოდში ღირსეულად ატარებდა უმაღლეს სამეფო ტიტულს.
"გუშინ 96 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე.
ვუსამძიმრებ სამეფო ოჯახს და გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობას. დედოფალი ელისაბედ მეორე 70-ზე მეტი წლის განმავლობაში რთულ და გამოწვევებით სავსე პერიოდში ღირსეულად ატარებდა უმაღლეს სამეფო ტიტულს და სიბრძნითა და გონიერებით უძღვებოდა გაერთიანებულ სამეფოს. იგი იყო თავისუფლების მოყვარე ერების, მათ შორის საქართველოს, ჩვენი კულტურისა და ხალხის მეგობარი და მხარდამჭერი. ეს არის დიდი დანაკლისი არამხოლოდ ბრიტანელებისთვის, არამედ მსოფლიოს თანამეგობრობისა და საქართველოსთვის. დარწმუნებული ვარ, მისი სახელი და მემკვიდრეობა დიდხანს დარჩება ისტორიის და მომავალი თაობების მეხსიერებაში,"– განაცხადა საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.