იჯარა 49 წლით, ნაკვეთები წელიწადში 1 რუბლის საფასურად - ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე რუსეთის ე.წ. საელჩომ ვებგვერდზე ბიჭვინთის აგარაკის შეთანხმების ტექსტი, აფხაზურ და რუსულ ენებზე გამოაქვეყნა. ადგილობრივებმა სწორედ ამ დოკუმენტიდან შეიტყვეს, თუ რას დაჰპირდა და რა ფასად სოხუმი მოსკოვს. ვლადიმერ პუტინმა ზღვისპირა ტერიტორიას თვალი მას შემდეგ დაადგა, რაც 4 წლის წინ ოკუპირებულ აფხაზეთს ესტუმრა და მაშინდელ ე.წ. პრეზიდენტს შეხვდა.
შეთანხმება, რომლითაც 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთს უნდა გადაეცეს, უკვე ხელმოწერილია და დოკუმენტის რატიფიცირებამდე ერთი ნაბიჯი რჩება. მიწის ნაკვეთებში, იქ მდებარე ობიექტებსა და ზღვის აკვატორიის მონაკვეთში მოსკოვს წლიურად მხოლოდ ერთი რუბლის გადახდა მოუწევს. არენდით გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე კი, კრემლს აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით, კაპიტალური მშენებლობის წარმოების უფლებაც ექნება. დოკუმენტში ისიც წერია, რომ რუსული მხარე საჩუქრად მიღებულ ადგილებს სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად და ასევე საკუთარი მოქალაქეების დასასვენებლად გამოიყენებს. ტერიტორია რუსეთს შეთანხმების ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში გადაეცემა.
ხელშეკრულება 49 წლის ვადით დაიდო და ის ავტომატურად გაგრძელდება კიდევ 15 წლით, თუ ხელმომწერები 6 თვით ადრე წერილობით არ აცნობებენ ერთმანეთს მისი შეწყვეტის შესახებ. ხელშეკრულების გასაჯაროვებამ, სიტუაცია ოკუპირებულ რეგიონში კიდევ უფრო დაძაბა. პუტინისთვის საჩუქრის გადაცემას ადგილობრივი ახალგაზრდების საპროტესტო გამოსვლებიც მოჰყვა. საპროტესტო ბანერებით გამოსული აქტივისტები ე.წ. ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ გაასხვისოს ბიჭვინთა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მზად არიან, მასშტაბური აქციები გამართონ.
სიტუაცია ოკუპირებულ რეგიონში კიდევ უფრო დაძაბა რუსი დიპლომატის განცხადებამაც. მოსკოვის ემისარი სოხუმში აფხაზებს ღიად დაემუქრა, რომ თუ ბიჭვინთის აგარაკი რუსეთს არ გადაეცემა, კრემლი ოკუპირებულ რეგიონს ფინანსურ დახმარებას გადაუკეტავს და სამხედრო ბაზებს გააუქმებს. მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელი კი რუსეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ვერავითარ ხიფათს ვერ ხედავს.
ასლან ბჟანიას განცხადების საწინააღმდეგო პოზიცია გამოხატეს აფხაზური საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებმა. ისინი მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებს მოუწოდებენ, იმოქმედონ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და დოკუმენტი "საკანონმდებლო ორგანოდან" გაიწვიონ. თუმცა ისმის განსხვავებული შეფასებებიც.
მიწის ნაკვეთზე, რომელზეც რუსეთი პრეტენზიას აცხადებს, სამი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო აგარაკი მდებარეობს. ტერიტორიაზე განთავსებულია დამხმარე ნაგებობებიც. მათ შორის აუზები, რესტორნები და მიწისქვეშა კომპლექსი.