"ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა" - აღნიშნულის შესახებ თბილისში, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა, ნიკოლ დე მურმა განაცხადა. ბელგიის სახელმწიფო მდივანმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დღეს ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხებზე ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
"მინისტრ გომელაურთან მქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ საქართველოსა და ბელგიას კარგი პარტნიორული ურთიერთობები აქვთ. მოხარული ვართ, გავუღოთ კარები იმ ქართველებს, რომლებსაც სურთ, ისწავლონ ან იმუშაონ ბელგიაში. ამისათვის კი ჩემს ქვეყანაში სპეციალური პროცედურები და კრიტერიუმები არსებობს. ქართველების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევების ძალიან მცირე ნაწილი კმაყოფილდება, რადგან ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.
მეორე - თავშესაფრის მოთხოვნა არასოდეს კმაყოფილდება ეკონომიკური მდგომარეობის საფუძველზე. უარყოფითი გადაწყვეტილებების მიღება ხორციელდება ძალიან სწრაფად და მათ, ვინც კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ, სასწრაფო წესით უნდა დატოვონ ქვეყანა. ისინი, ვინც ბელგიას ტურისტულად ეწვევიან, უნდა აკმაყოფილებდნენ შესვლის კრიტერიუმებს და დარჩენა მხოლოდ შეზღუდული დროით შეუძლიათ, ვიზის გარეშე," - განაცხადა ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა.