უკრაინის თავდაცვის და დაზვერვის კომიტეტის წევრის მოწოდება თბილისში კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. ირაკლი კობახიძე ფიოდორ ვენისლავსკის განცხადებას პროვოკაციად აფასებს.
"სამწუხაროდ, უკრაინელი მაღალჩინოსნები ვერ მალავენ, რომ მათი გაცხადებული სურვილია, საქართველოში "მეორე ფრონტი" გაიხსნას და ჩაერთოს იმ სამხედრო კონფლიქტში, რომელიც ამჟამად უკრაინაში წარიმართება. ეს არის ღია გზავნილი. ალბათ, ეს გზავნილი საზოგადოების წინაშეც არის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შეგვიძლია გამოკითხვა ჩავატაროთ და ვკითხოთ ხალხს, უნდათ თუ არა, რომ საქართველოში "მეორე ფრონტი" გაიხსნას. რასაც ხალხი იტყვის, შეიძლება იმას გავყვეთ, ვნახოთ, ხალხმა მიიღოს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, ეთანხმება უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს თუ ეთანხმება ჩვენს პოზიციას "მეორე ფრონტის" არგახსნასთან დაკავშირებით",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რადას დეპუტატმა ფიოდორ ვენისლავსკიმ გუშინ განაცხადა, რომ ახლა ქართველ ხალხს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აიძულონ ხელისუფლება, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები აფხაზეთის და ცხინვალის დეოკუპაციასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, რუსეთი ახლა სრულიად კონცენტრირებულია უკრაინის საკითხით და თუ საქართველოს ხელისუფლებას ექნება სურვილი, მას შეუძლია გაათავისუფლოს ქვეყნის ტერიტორიები.