პროკურატურამ შპს "თეთრი ქუდის" დირექტორს მის დაქვემდებარებაში მყოფი საწარმოს მიერ გარემოზე მავნე ზემოქმედების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.
"საქართველოს პროკურატურამ შპს "თეთრი ქუდის" დირექტორს მის დაქვემდებარებაში მყოფი საწარმოს მიერ გარემოზე მავნე ზემოქმედების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ რუსთავში, შპს "თეთრი ქუდი" ნარჩენების დამუშავებას შესაბამისი ნებართვის გარეშე სათანადო პროცედურების დაუცველად ახორციელებდა, რაც ვრცელ ტერიტორიაზე და გარემოზე მავნე ზემოქმედებას იწვევდა. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ საწარმოს უკვე დადებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი გარემოზე მავნე ზემოქმედების გამო.
შპს "თეთრი ქუდის" დირექტორს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 306-ე პრიმა მუხლით (გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად - ჯარიმას ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო - 7000 ლარის ოდენობით შეეფარდა,"-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.