საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების პროცესი იწყება. დღეს, ბრალდების მხარის მოწმეებს გამოკითხავენ. წინა სხდომაზე ნატალია ილიჩოვას ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, ილიჩოვას საწინააღმდეგო ჩვენება მისცა. როგორც მანანა აღაპიშვილმა განაცხადა, ილიჩოვამ მას მორიგე რუკებში საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ცვლილებების შეტანა და დანაშაულს ჩადენა შესთავაზა.
ამასთან, ბრალდებული სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი ივერი მელაშვილი აცხადებს, რომ ეს იყო შეკვეთილი ჩვენება.
"ვფიქრობ, ეს იყო უფრო შეკვეთილი ჩვენება. წინა სხდომაზე იყო მოწმე აღაპუიშვილი, რომელმაც დაუჯერებელი რამ თქვა,"-განაცხადა ივერი მელაშვილმა.
რაც შეეხება ნატალია ილიჩოვას უფლებადამცველის განცხადებას, მან მოისმინა წინა სასამართლო სხდომაზე ისეთი საკითხები, რაც აქამდე მოწმეს არ გაუჟღერებია.
"ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე ტყუილი წინა პროცესზე, რომელიც აქამდე მოწმეს არ გაუჟღერებია, მათ შორის არც პროკურატურაში გამოკითხვისას. ზოგადად ეს თემა ბრალდების საქმეს არ ეხება, ვინაიდან როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პროკურატურა ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილს ედავება, თითქოს მათ აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით განახორციელეს დანაშაულებრივი ქმედებები. ქალბატონი საუბრობდა გაურკვეველ საკითხზე, არაფერს აკონკრეტებდა, არც დასახლებულ პუნქტს მიუთითებდა,"-აცხადებს გიორგი მახარაძე.
ბრალდებულის უფლებადამცველების მოსაზრებას არ იზიარებს საქმის პროკურორი და აცხადებს, რომ საუბარი მტკიცებულებების სტანდარტის არ არსებობაზე აზრს მოკლებულია. მიხეილ სადრაძე ამბობს, რომ ყველაფერი ეფუძნება ფაქტობრივ მტკიცებულებს, რომელიც დოკუმენტებშია ასახული.
"მტკიცებულებები არის მყარი იმიტომ, რომ ეს ყველაფერი უმთავრესად იმ დოკუმენტებზეა, სადაც ბრალდებულები უშუალოდ ხელს აწერენ. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ რაიმე ფორმით მტკიცებულებების სტანდარტი არ არსებობს, უბრალოდ მოკლებულია რეალობას. ყველა მოწმე პირდაპირ უთითებს იმ გარემოებაზე, რომ სწორედ ბრალდებულები იყვნენ ის პირები, ვინც უშუალოდ ახორციელებდნენ საზღვრის ხაზის კონკრეტულ მონაკვეთებზე დატანას და მუშაობდნენ რუკებზე. გამომდინარე აქედან, ყველაფერი არის დოკუმენტურად დადასტურებული,"-აცხადებს მიხეილ სადრაძე.