15 ნოემბერი 2024,   08:17
ვრცლად
კელი დეგნანი არა მხოლოდ ჩვენი ოთხეულის კითხვებს არ სცემს პასუხს, ის თავს არიდებს ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვებსაც - დიმიტრი ხუნდაძე

საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ვაშინგტონის მაღალი თანამდებობის პირებისგან კითხვები მიიღო იმ პირების მოტივების შესახებ, რომლებიც განაგრძობენ რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიებისა და სიცრუის გამეორებას. როგორც ელჩმა "იმედთან" ინტერვიუში განაცხადა, ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში დიდი დაბნეულობაა, თუ რატომ არ ემიჯნება ამას მთავრობა უფრო მკვეთრად და მკაფიოდ.

ელჩის თქმით, ამგვარი კონსპირაციული თეორიების განმეორება მხოლოდ დაბნეულობას თესავს და კითხვებს აჩენს ქართველებსა და ამერიკელებში, თუ რა მოტივი დგას მიმდინარე თავდასხმების უკან. კელი დეგნანი აცხადებს, რომ აშშ-ს არ სურს და მათ ინტერესში არ შედის ომი გავრცელდეს საქართველოზე - "არასდროს გვისაუბრია საქართველოსთან ან სხვა ქვეყანასთან "მეორე ფრონტის" გახსნაზე" - ამბობს დიპლომატი.

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებებს გამოხმაურებები მოჰყვა, მათ შორის "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების მხრიდან,. მათ მიაჩნიათ, რომ არის მიუღებელი და დაუსაბუთებელი ბრალდება, რომელსაც კელი დეგნანი დეპუტატების პოზიციებს უკავშირებს რუსულ ნარატივს.

"კელი დეგნანი არა მხოლოდ ჩვენი ოთხეულის კითხვებს არ სცემს პასუხს, ის თავს არიდებს ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვებსაც, რომელიც საზოგადოებას ძალიან აინტერესებს. მას აქვს მისეული შეფასება განსხვავებულ აზრთან დაკავშირებით - თუ განსხვავებული აზრი არის რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მაშინ ის ამას დემოკრატიის ნაწილად განიხილავს, თუ ეს განსხვავებული აზრი ჟღერდება ჩვენი მხრიდან და ისმევა კითხვები, ის მას თავდასხმად აღიქვამს და შეთქმულების თეორიად განიხილავს.

ეს კითხვები აინტერესებს არა მხოლოდ ოთხეულს და მხოლოდ პოლიტიკოსებს, ეს კითხვები აინტერესებს უმთავრესს - მსმენელ საზოგადოებას, რომლის ბედიც იხილება ასეთი საკითხების კულისებში განხილვის დროს. როგორც ჩანს კელი დეგნანი კულისებში უფრო კომფორტულად გრძნობს თავს," - ამბობს პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი დიმიტრი ხუნდაძე.

დეპუტატები ამბობენ, რომ ელჩი საკუთარ განცხადებებში არ იყო გულწრფელი, ვინაიდან ის საჯაროდ არ გამიჯვნია ცალკეულ განცხადებებს და მათივე თქმით, პირდაპირ მოწოდებებს საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნასთან დაკავშირებით. დეპუტატები ამბობენ იმასაც, რომ კარგია, თუმცა ფორმალურია, როდესაც კელი დეგნანი საჯაროდ ამბობს, რომ შეერთებული შტატები საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნით არ არის დაინტერესებული.

"მართალია მხოლოდ ფორმალურად ამბობს ელჩი, რომ ამერიკას არ სურს ომი საქართველოში და დანარჩენ მთელ ინტერვიუში არაფრის დიდებით არ ემიჯნება არც ერთი კონგრესმენის, ევროპარლამენტარის, რადიკალური ოპოზიციის თუ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების პირდაპირ მოწოდებას ომში ჩართვაზე. მიუხედავად ამისა ესეც კარგია, რომ ჩვენი ამ პოლიტიკით მივიყვანეთ იქამდე, რომ მან თუნდაც ფორმალურად აღიარა, რომ ამერიკას არ სურს ომი საქართველოში.

გამოდის, რომ ბატონი კინზინგერი, რომელმაც პირდაპირ მოუწოდა, რომ სამხედროებს ჩამოეგდოთ ხელისუფლება საქართველოში, ევროპარლამენტარები - ვიოლა ფონ კრამონი და სხვები, ესენი ყოფილან ელჩის თქმით საქართველოს მეგობრები. ტყუილად ცდილობს ქალბატონი ელჩი იმას, რომ როგორმე მოახდინოს ჩვენი "რუსეთუმეობა" იმიტომ, რომ ჩვენს არც ერთ განცხადებაში, არც ერთ ინტერვიუში არ იყო მოწოდება ან თუნდაც გადახრა იქითკენ, რომ ჩვენ არ გვინდა ამერიკა, არ გვინდა ევროპა და ა.შ.

სხვათაშორის, სტრატეგიულ პარტნიორთან ამერიკასთან ჩვენ ვართ შეთანხმებული, ასევე ევროპასთან, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად. და ახლა ამ შეთანხმების საწინააღმდეგოდ რატომ ხდება მოწოდებები - ჩვენ ეს კითხვა გვაქვს ზუსტად," - აცხადებს პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი.

ოპოზიციაში კი ისევ ამბობენ, რომ "ქართული ოცნებიდან" წასული ოთხეულის მიმართვები არის ანტიდასავლური და ის აზიანებს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამას ადასტურებს მათ შორის კელი დეგნანის განცხადებებიც.

"ამ კვარტეტმა უნდა შეწყვიტოს რაღაც დაუკრეფავში ყოფნა. ისე აქვთ გაჭენებული, რომ ვეღარ ჩერდებიან როგორც ჩანს. უნდა შეწყვიტონ უშველებელი წერილების და ეპისტოლეების წერა იმიტომ, რომ ამით ზიანდება საქართველოს ინტერესი. კელი დეგნანის გულისწყრომა აბსოლუტურად მესმის, ვიზიარებ და "ქართულმა ოცნებამ" უნდა დაასრულოს ეს გაუგებარი და ქვეყნის დამაზიანებელი ანტიდასავლური რიტორიკა," - ამბობს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი.

დღის ამბები