04 მაისი 2024,   17:58
ვრცლად
სასამართლოს განაჩენი ცნობილია - რა მიუსაჯეს ორსული ცოლის მკვლელობისთვის გოგა გზირიშვილს

ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის გოგა გზირიშვილის სასჯელის ვადა ცნობილია - ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

"ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "ვ" ქვე პუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ძველი რედაქციით და ძირითადი სასჯელის სახით და ზომად განესაზღვროს  თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა გოგა გზირიშვილს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან,"-განაცხადა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ. 

ბრალდებულის უფლებადამცველის განცხადებით,  მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულის ჩადენის მომენტში არაადეკვატური იყო და მომხდარს ვერ აცნობიერებდა. ორსულ ქალს ცივი იარაღით 30 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

უფლებადამცველის პოზიციას არ ეთანხმება ბრალდების მხარე. პროკურორის,  ლევან ჟორჟოლაძის თქმით,
სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულება და ბრალდებულის მიმართ გამოიტანა სრულად გამამტყუნებელი განაჩენი.

"სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არსებითი განხილვის შედეგად, ბრალდებულის მიმართ გამოიტანა სრულად გამამტყუნებელი განაჩენი წარდგენილ ბრალდებაში.  ყველა დამამძიმებელი გარემოს გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმის გამოძიების ეტაპზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე დადასტურებული იქნა სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით, შესაბამისად გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და სასჯელის სახით ბრალდებულს განუსაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა,"-აცხადებს ლევან ჟორჟოლაძე.

მკვლელობა გასული წლის 22 დეკემბერს ვარკეთილში მოხდა. კაცი მალევე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11პრიმა-109-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

დღის ამბები