"30 წელი ჯახირია, კამათია, დებატია, ამასობაში ისინი ვინც ჩვენზე უკან იყვნენ იქ რაღაცები დალაგდა. აქ ჯერ კიდევ საძირკვლის ჩაყრაც კი ვერ მოხერხდა. შექმნილ სიტუაციაში პოლიტიკა დაიკარგა. რატომ დაიკარგა პოლიტიკა? იმიტომ, რომ მმართველი ძალა, კარგ ძალად ძალიან ცოტას მიაჩნია. პოლიტიკა გასაცოცხლებელია. პოლიტიკა არის დებატები, სადაც განსხვავებული ხედვის ადამიანები ერთმანეთს ეპაექრებიან. "ლელომ" არ მოცემულობის გარღვევა ვცადეთ, მაგრამ ჯერ ვერ შევძელით. მეტი უნდა ვცადოთ. ჩვენ თუ ვერ შევძელით, სხვამ უნდა შეძლოს,- ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა "პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
უსუფაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზეც ისაუბრა და მას კატასტროფული შეცდომა უწოდა.
"მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა გაუგებარი მიზნებით ეს იყო კატასტროფული შეცდომა, იმიტომ, რომ ადგილობრივი არჩევნების შედეგზე იყო მიბმული ე.წ. ვადამდელი არჩევნების თემა. "ვადამდელი არჩევნები მინდა!“ რას ნიშნავს ვადამდელი არჩევნები მინდა? ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ გინდა? რატომ ამას არ ითხოვ? ეს უფრო მნიშვნელოვანი არ არის? რაღაცის გამო არ ითხოვ, რომ მოითხოვო მერე იტყვიან – გააკეთე კი ბატონოო. ეს ვადამდელი არჩევნები სადმე სკივრშია დამალული თუ როგორაა საქმე?
"ოცნების" ყველა შეცდომა და არასწორი ნაბიჯი ჩვენი გამოსასწორებელია ხვალ. მე არ მიხარია არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის შეცდომა, იმიტომ, რომ ამ შეცდომის გამო მორიგი 10 ათასი ადამიანი უმუშევარი ხდება. მორიგი 20 ათასი ადამიანი უცხოეთში მიდის.
ეს განწყობა და ტენდენცია ჩემთვის ახალი არ არის, ნამდვილად ასეა. გვყავს საზოგადოება რომლის პოლიტიკური ორიენტირი დღეს გამოკვეთილი არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ "ლელომაც" კეთილი უნდა ინებოს, რომ უკეთ დავანახოთ ჩვენი პლუსი, რატომ „ლელო“. რატომ არა ბიძინა კი არა, რატომ აღარ მიშა კი არა, რატომ არა ვიღაცა კი არა, რატომ „ლელო“. ამისთვის საჭიროა შევწყვიტოთ პოლიტიკური კომენტატორობა – კობახიძემ ეს რომ თქვა, თქვენ რას იტყვით, ბატონო, დავით? ბოკერიამ ეს რომ თქვა, უსუფაშვილმა რა უპასუხა? ანუ, პოლიტიკური პროდუქტის წარმოება უნდა დავიწყოთ. გვავიწყდება, რომ ჩვენით არ მთავრდება საქართველო“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.