გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელის დავით ბაქრაძის განცხადებით, ნიუ-იორკში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრების მთავარ დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იქნება.
ელჩის თქმით, პრემიერი გაეროს 77-ე სესიის გახსნას დაესწრება, მოგვიანებით კი გენერალური დებატების დროს მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს დელეგაცია უკვე ნიუ-იორკშია. ხვალ გაიხსნება უკვე გაეროს 77-ე სესია, რომელსაც რა თქმა უნდა, დაესწრება და გენერალური დებატების დროს მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამის პარალელურად, იმართება არაერთი შეხვედრა, რომელშიც საქართველოს დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. რა თქმა უნდა, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები. ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო საზოგადოება ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, იქნება ეს უსაფრთხოების, მდგრადი ეკონომიკური განვითარების, ენერგოუსაფრთხოების თუ სხვა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს საკითხები, გამომდინარე ჩვენი გამოწვევებიდან, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს დელეგაციის შეხვედრების და საუბრების მთავარ დღის წესრიგში," -განაცხადა დავით ბაქრაძემ.