საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი დღეს 12 პუნქტიანი გეგმის შესასრულებელ საკუთარ ვერსიას გაასაჯაროებს. მათი განმარტებით, სახელისუფლებო გუნდის რიტორიკა არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რაც ევროკავშირმა დაავალა ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, ამიტომ ოპონენტები განსხვავებულ ინიციატივებს წარადგენენ.
ამბობენ რომ, მათი სამუშაო გეგმა შეეხება ყველა იმ სფეროს, სადაც აუცილებელია რეფორმები.
"გვაქვს დაგეგმილი დღის ბოლომდე გავასაჯაროვოთ ჩვენი ხედვები, რომლებიც შეჯერებული იქნა არასამთავრობო სექტორთან წინა კვირაში. ყველა მიმართულებით გათვალისწინებულია ევროკავშირის რეკომენდაციები და არასამთავრობო სექტორის ხედვები. მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ის მინიმალური პაკეტი დაგვეტოვებინა, რომელიც საკმარისია და შესრულებადია წლის ბოლომდე," - აცხადებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.
მმართველი გუნდი კი ოპოზიციას პოლარიზაციის გაღრმავებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ოპონენტების დამოუკიდებლად მუშაობა ხელს შეუშლის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
"იმ მოცემულობაში, როდესაც ოპოზიციის ნაწილი გაემიჯნა ლეგიტიმურ კონსტიტუციურ პროცესს, რომელიც საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობდა, რა თქმა უნდა ეს პროცესი დაცლილია ნებისმიერი ლეგიტიმაციისგან, ის ვერ იქნება იმ კონტექსტით სასარგებლო, რომ მართლაც წაადგება დემოკრატიულ პროცესს და ის პირიქით პოლარიზაციას უწყობს ხელს, რაც კონტრპროდუქტიულია 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების და საქართველოს მიერ ევროკავშირის სტატუსის მინიჭების გზაზე," - ამბობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.