მკვლელობა კახეთში - საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში 35 წლის მამაკაცს რამდენიმე ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს. ადგილობრივების ინფორმაციით, პირი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, საკუთარ კომერციულ ფართში ჩაცხრილეს, სადაც ის მცირე ბიზნესით იყო დაკავებული. ერთ-ერთ ვერსიად წარსულში ფულის გამოძალვის ფაქტი სახელდება. დანაშაული დილით მოხდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
ვინ და რატომ გაიმეტა სოფელ ქეშალოში მცხოვრები 35 წლის აიდინ ჰამზაევი სასიკვდილოდ და ვინ მიაყენა მას საკუთარ კომერციულ ფართში სასიკვდილო ჭრილობები, ამასთან დაკავშირებით, როგორც ადგილობრივებს, ასევე ოჯახის წევრებს კონკრეტული პასუხები არ აქვთ, ისინი აცხადებენ რომ მასთან კონფლიქტი არც წარსულში და არც ბოლო პერიოდში არავისთან ჰქონია.
რაც შეეხება იმ ვერსიას რომ ფაქტი შეიძლება უკავშირდებოდეს წარსულში მომხდარ ფულის გამოძალვას, ამასთან დაკავშირებით მოკლულის ძმა აცხადებს, რომ ინფორმაცია არ აქვს და ეს ძმისგან არ სმენია.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცავები, დანაშაულის ადგილიდან უკვე ამოღებულია სათვალთვალო კამერის ჩანაწერები და პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ახლა სწორედ ამ მიმართულებით ატარებს.
გამოძიება ამ ეტაპზე 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.