19 აპრილი 2024,   22:00
ვრცლად
დაიწყება თუ არა მობილიზაცია ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ეროვნული კრების ყოფილმა დეპუტატმა, ნატალი სმირმა განაცხადა, რომ ნაწილობრივი მობილიზაცია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა, აფხაზეთზეც გავრცელდება, სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის ხელშეკრულების შესაბამისად, ამის შესახებ  "ეხო კავკაზა" წერს.

"რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში, რომელიც მოკავშირეობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას გულისხმობს, მე-6 მუხლში ვკითხულობთ, რომ თუ ორი ქვეყნიდან ერთ-ერთი აგრესიის, ან შეირაღებული თავდასხმის საშიშროების წინაშე დგას, ეს აღიქმება როგორც შეიარაღებული თავდასხმა მოკავშირე მეორე მხარეზეც.

ე.ი. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, ჩვენც გვევალება ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება, ვინაიდან ეს ერთ-ერთი წინაპირობაა. ეს ვალდებულებები ჩვენთან ამოქმედდება მას შემდეგ, რაც 27-ში დონეცკსა და ლუჰანსკში რეფერენდუმი ჩატარდება და ტერიტორია რუსეთის ნაწილი გახდება.

არ ვიცი ზუსტად როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ის, რომ ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას კოლექტიურ დაცვაში, ამის თქმა სიზუსტით შემიძლია.

ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ძალიან სამწუხარო, საშიში და ტრაგიკულია, და ეს ძალიან დიდი საფრთხის შემცველია.

ასე რომ, ჩვენი შეთანხმებისა და რუსეთის წინაშე არსებული ვალდებულებების მიხედვით, ჩვენ ვიქნებით ამ ომის მონაწილეები, სულ ეს არის და ეს," - ამბობს ნატალი სმირი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. პუტინის გადაწყვეტილებას რუსეთის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები მოჰყვა. დემონსტრაციებზე 1 400-მდე პირი დააკავეს.

დღის ამბები