საქართველოს პრემიერმა გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან მსოფლიო ლიდერებს მიმართა. პრემიერის გამოსვლის მთავარი გზავნილები რუსულ ოკუპაციას, უკრიანისადმი საქართველოს დახმარებას, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას, რეგიონის უსაფრთხოების საკითხში ჩვენი ქვეყნის წვლილს, ეკონომიკურ ზრდას, ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებს ეხებოდა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველო იზიარებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სადამფუძნებლო პრინციპებსა და იმ პროგრესს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ მიაღწია. მთავრობის მეთაურის განცხადებით, რუსეთის მიერ, საქართველოს კუთვნილი ტერიტორიის ოკუპაციის მიუხედავად, ქვეყანა ყველა შესაძლებლობას იყენებს, საერთაშორისო თანამშრომლობის გზით, მშვიდობის სფეროში წინსვლის მისაღწევად.
გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლის დროს, პრემიერ-მინისტრმა არაერთ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. ერთ-ერთი მთავარი აქცენტი კი ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ გამოწვევას - ოკუპაციას დაეთმო. პრემიერმა ხაზი გაუსვა, თავისუფლების და მშვიდობის უზრუნველსაყოფად მსოფლიო დემოკრატიების ერთად მოქმედებას.
გაეროში პრემიერმა მთავრობის რეფორმებზეც ისაუბრა და ჩამოთვალა სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ეკონომიკური თავისუფლების, ბიუჯეტის გამჭვირვალობის, სამართლის უზენაესობის შესახებ.
საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მოხსენების დროს ირაკლი ღარიბაშვილი შეეხო ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და თქვა, რომ ევროპული საბჭოს მიერ ევროპული პერსპექტივის მინიჭებამ საქართველოს ახალი მიზნები დაუსახა. მისი თქმით ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნისთვის და ხალხისთვის დიდი მოტივაციაა და ისიც გაცნობიერებულია, რომ ევროპულ პერსპექტივას მოჰყვება პასუხისმგებლობა, ევროკავშირთან პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი თავსებადობის მხრივ.
პრემიერმა მოხსენების დროს უკრაინის შესახებ ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველო უკრაინის გვერდით დგას და რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი ძირს უთხრის როგორც მის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე გაეროს ქარტიას და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.
პრემიერმა ღარიბაშვილმა გამოიყენა საერთაშორისო ტრიბუნა, რათა საოკუპაციო ხაზს მიღმა მყოფი ხალხისთვის მიემართა. თქვა, რომ ძალა ერთობაშია და ერთად უნდა აშენდეს საქართველო, როგორც თავისუფალი და ერთიანი ევროპული სახელმწიფო.