პრემიერი გაეროში გამოსვლაზე შეფასებები გრძელდება მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" წევრის გივი მიქანაძის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა მოიცავდა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ქვეყანაში არსებობს
"ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები არის სრულიად უსუსური. იმიტომ რომ არამხოლოდ ჩვენმა საზოგადოებამ, არამედ მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ მოისმინა ქვეყნის ლიდერის ძალიან მკაფიოდ გამოხატული გზავნილები.
პრემიერის გამოსვლა შეიძლება ითქვას, რომ იყო წარმატებული ანგარიში ქვეყნის წინსვლის, პროგრესის, არსებული პონტენციალის წარმოსაჩენად, თუმცა, ამავდროულად, გამოყენებული იქნა ეს მარალი პლატფორმა იმისთვის, რომ მთელი მსოფლიოსთვის კარგად გაგვეცნო იმ გამოწვევების თაობაზე, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას, თუმცა იმ პრაგმატული პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია მიგვეწოდებინა, რომლითაც საქართველო მშვიდობიანად მიუძღვება ქვეყნის შემდგომ განვითარებას," - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
ამასთან, მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრის დავით მათიკაშვილის შეფასებით, პრემიერს გამორჩეულად შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის ყველა საჭირბოროტო საკითხზე ისაუბრა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან მსოფლიო ლიდერებს მიმართა. პრემიერის გამოსვლის მთავარი გზავნილები რუსულ ოკუპაციას, უკრაინისადმი საქართველოს დახმარებას, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას, რეგიონის უსაფრთხოების საკითხში ჩვენი ქვეყნის წვლილს, ეკონომიკურ ზრდას, ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებს ეხებოდა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველო იზიარებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სადამფუძნებლო პრინციპებსა და იმ პროგრესს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ მიაღწია. მთავრობის მეთაურის განცხადებით, რუსეთის მიერ, საქართველოს კუთვნილი ტერიტორიის ოკუპაციის მიუხედავად, ქვეყანა ყველა შესაძლებლობას იყენებს, საერთაშორისო თანამშრომლობის გზით, მშვიდობის სფეროში წინსვლის მისაღწევად.