15 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
უკრაინაში ომის დაწყებიდან 6 თვეში, რუსეთმა ენერგომატარებლების ექსპორტით 158 მილიარდი ევროს შემოსავალი მიიღო

ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის საერთაშორისო ცენტრი ახალ მონაცემებს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, უკრაინაში ომის დაწყებიდან 6 თვეში რუსეთმა ენერგომატარებლების ექსპორტისგან 158 მილიარდი ევროს შემოსავლები მიიღო. 24 თებერვლიდან 24 აგვისტომდე ყველაზე დიდი იმპორტიორები ევროკავშირი, ჩინეთი, თურქეთი და ინდოეთი იყვნენ. აქედან ევროკავშირის წილი 54 პროცენტია.

ახალ მონაცემებს აფასებენ თბილისში. როგორც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში განმარტავენ, ევროკავშირის ქვეყნებს, საქართველოს მსგავსად რუსული ნავთობის იმპორტი იაფი ბაზრიდან გამომდინარე უწევს. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ საქართველო არ არის ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ქვეყანა.

მიუხედავად იმისა რომ საქართველო რუსულ ენერგომატარებლებზე არ არის დამოკიდებული, დარგობრივ კომიტეტში ამბობენ რომ ქვეყანაში შემოსული იაფი ნავთობის წილი პირდაპირ აისახება მოქალაქეების კეთილდღეობაზე.

რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებას ნავთობის შედარებით დაბალი ფასით ხსნიან ექსპერტები. სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველოს ბაზარი დივერსიფიცირებულია, თუმცა იაფი ნავთობის წილი პირდაპირ კავშირშია ტრანსპორტისა და კომპანიების შუალედურ ხარჯებთან.

ექსპერტები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე რუსეთიდან ექსპორტირებულ ნავთობის წილზე უარის თქმა, საქართველოს ბაზარზე ნავთობის გაძვირებას ნიშნავს.


დღის ამბები