საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც საზოგადოების მოტყუებას ისახავს მიზნად.
კერძოდ, 23 სექტემბერს, ტელეკომპანია პირველის ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც ნათქვამია, რომ თამთა მიქანაძე წლების განმავლობაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მუშაობდა. განვმარტავთ, რომ ეს ინფორმაცია, სიუჟეტში ასახულ სხვა დეზინფორმაციასთან ერთად, არის ტყუილი და არ შეესაბამება სიმართლეს. ასეთ პიროვნებას არასოდეს არ უმუშავია საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. სამწუხაროა, რომ სიუჟეტის ავტორმა არ ისურვა საკითხის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადამოწმება.
ტელეკომპანია პირველის ეთერში გასული ცრუ ფაქტებზე დამყარებული სიუჟეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გრძელდება სასამართლოს წინააღმდეგ აშკარა ტყუილებზე აგებული კამპანია. დაუსაბუთებელი ბრალდებები და განზრახ დამახინჯებული ფაქტები ხელს უწყობს სასამართლო სისტემის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას," - წერია განცხადებაში.