ნიკა მელია უკვე რამდენიმე დღეა, დავით კეზერაშვილს ღიად უპირისპირდება. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რამდენიმე სატელევიზიო ეთერში განმარტა, რომ კეზერაშვილის ფინანსური რესურსი და შესაბამისად გავლენების სურვილი პარტიისთვის დამაზიანებელია. მელია საქართველოში ძებნილ თავდაცვის ყოფილ მინისტრთან თანამშრომლობას არ აპირებს, რის გამოც, ის კოლეგების მხრიდან კრიტიკის ობიექტად იქცა. კეზერაშვილი პარტნიორად და ოპოზიციის გამაერთიანებლად უკვე გამოაცხადა "დროას" ლიდერმა. ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში კოლეგას მორალური სტანდარტების დაცვა ურჩია და თქვა, რომ ახლა ე.წ. "რაზბორკების" დრო არ არის.
მელიას პოზიციას თავად "ნაციონალურ მოძრაობაში" რომ ბევრი მხარდამჭერი არ ჰყავს, ეს რამდენიმე დღის წინაც გამოჩნდა. პარტიის წევრების ის ნაწილი, რომელიც კეზერაშვილის პერსონას მისაღებად მიიჩნევს დღეს მედიასთან არ გამოჩენილან. ე.წ. მელიას ფლანგის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ "ნაცმოძრაობაში" ყველას აქვს უფლება, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება ჰქონდეს, თუმცა ეს არსებულ მოცემულობას ვერ შეცვლის.
"ნაცმოძრაობის" შიგნით არსებულ დაპირისპირებას არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა სხვა ოპოზიციურ პარტიებში. მათი ნაწილი კოლეგებს რეალურ პრობლემებზე კონცენტრირებას ურჩევს. მეორე ნაწილი კი თავმჯდომარის შეცვლას.
ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესებს ლუსტრაციას უწოდებს მმართველი გუნდი. "ქართული ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპონენტ პოლიტიკურ ძალაში პოლიტიკურ ვექტორს მხოლოდ ფული განსაზღვრავს. დეპუტატების თქმით, კეზერაშვილის ფაქტორმა გამოაჩინა, რომ "ნაცმოძრაობასა" და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის განსხვავება მხოლოდ ფიქტიურია.
როგორ დასრულდება მელია-კეზერაშვილის დაპირისპირება, ჯერჯერობით უცნობია. "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა ნაწილი მელიას გადაყენების აუცილებლობაზე უკვე ღიად ალაპარაკდა.