19 აპრილი 2024,   02:10
ვრცლად
პუტინის მობილიზაცია სროლისა და პროტესტის თანხლებით - რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებას მოსახლეობა უკვე იარაღით ხელში აპროტესტებს

პუტინის მობილიზაცია სროლისა და პროტესტის თანხლებით - რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებას მოსახლეობა უკვე იარაღით ხელში აპროტესტებს. "არა ომს" - ამ შეძახილებით მოსახლეობა დაღესტანში გამოვიდა, ომში წასაყვან ახალგაზრდებს კი პოლიციელებს ხელიდან ართმევდნენ. სიტუაცია ხასავიურთან მდებარე სოფელში ისე დაიძაბა, რომ სამართალდამცავებმა ჰაერში სროლა დაიწყეს. მობილიზაციის წინააღმდეგ გამოვიდნენ ყაბარდო ბალყარეთშიც, ირკუტსკში კი წვევამდელმა სამხედრო აღრიცხვის პუნქტში კომისარი დაჭრა.

პროტესტის პარალელურად, სულ უფრო იზრდება იმ რუსი კაცების რიცხვი, რომლებიც ქვეყნიდან გაქცევას ცდილობენ, კილომეტრიანი რიგების ნახვა ახლა რუსეთის ყველა მოსაზღვრე სახელმწიფოსთანაა შესაძლებელი. იმისთვის, რომ როგორმე ომში წასაყვანი მამაკაცები შეინარჩუნოს, კრემლმა რადიკალური ნაბიჯი გადადგა - შემსვლელებისთვის და გამომსვლელებისთვის დაკეტილია როსტოვის ოლქი, ვლადიკავკაზი და რუსეთის სამხრეთის კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტი. ჯავშანმანქანები და სამხედროები გამოჩდნენ ზემო ლარსში რუსეთის საზღვრის მხრიდან. ისინი კი, ვინც უკრაინაში ომს აპროტესტებს იზოლატორში ხვდება. 2247 მოქალაქე - ასეთია პუტინის ბრძანების პროტესტის გამო დაკავებულთა დღევანდელი სტატისტიკა.

25 წლის წვევამდელი ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას ამ ფორმით შეეწინააღმდეგა - გაწვევის ოფისში მისულმა ოთახში მყოფებს ცეცხლი გაუხსნა, მათ შორის სამხედრო კომისარს - წვევამდელი ადგილზე დააკავეს, დაჭრილები კი ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და რეზერვისტები ფრონტზე გაიწვია, კომისარიატები სამხედრო მოსამსახურეების პროტესტის მთავარ სამიზნედ იქცა. დამწვარია რამდენიმე სამხედრო ბაზა, გაწვევის ოფისის ერთ-ერთ შენობას გამთენიისას მოლოტოვის კოქტეილიც კი ესროლეს.

ინფორმაციაც გავრცელდა, რომ კრემლი სამხედრო ასაკის ადამიანებისთვის საზღვრების ჩაკეტვას გეგმავდა. დასახელდა რამდენიმე სავარაუდო თარიღი, მათ შორის 26 სექტემბერი. მესაზღვრეებს გადაეცათ მობილიზაციას დაქვემდებარებული პირების სიებიც. დღეს კრემლის პრესსპიკერი ამტკიცებდა, რომ ფედერაცია საკუთარი მოქალაქეებისთვის საზღვრების სრულად ჩაკეტვას ჯერ არ გეგმავს. სამხედრო კომისარიატებში კი იძახებენ ყველას, განურჩევლად მათი შესაძლებლობებისა და სამხედრო უნარებისა.

რუსეთის მხრიდან ზემო ლარსის საგუშაგოსთან დღეს რუსი სამხედროებიც გამოჩნდნენ. ფოტომასალა "ტელეგრამ" არხებში გავრცელდა, სადაც ჩანან სამხედროები საზღვართან ჯავშან-ტრანსპორტიორებით. რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა მალევე გაავრცელა განცხადება, სადაც დაადასტურეს, რომ ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტისკენ ჯავშანტრანსპორტიორები გადაადგილდებოდნენ, თუმცა მიზანი რეზერვისტების კონტროლი იყო. რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველოს საზღვარზე რუსული საბაჟო პუნქტი ზემო ლარსი ორივე მიმართულებით 37 000-ზე მეტმა მანქანამ და 115 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ქვეყნიდან წასული რუსებისთვის ყველაზე პოპულარული ადგილი ყაზახეთია. ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, 20 სექტემბრიდან 23 სექტემბრამდე დასავლეთ ყაზახეთში რუსეთის დაახლოებით 9 ათასი მოქალაქე ჩავიდა. საზღვარზე საკმაოდ გრძელი რიგებია და ყაზახეთის სასაზღვრო ქალაქებში საცხოვრებლის პოვნა ძალიან გართულებულია. გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა თავი კინოთეატრებს შეაფარეს.

დაღესტანში მუსილიმი ქალები ომსა და მობილიზაციას აპროტესტებენ. აქციაზე უკრაინასთან ომი საჯაროდ დაგმეს. დედაქალაქის ქუჩებში ასეულობით ადამიანი გამოვიდა და ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა. პროტესტი უსაფრთხოების ძალებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ელექტროშოკები, ხელკეტები და ცრემლსადენი აირი გამოიყენეს. დაკავებულია 150-ზე მეტი ადამიანი.  

რუსეთის ათასობით მოქალაქეს სწრაფი და მასობრივი გასვლა ფედერაციიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ქვეყანაში დაიწყო ყველა იმ რეზერვისტის გაწვევა, ვისაც საბრძოლო გამოცდილება ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ოკუპანტი ფედერაცია 261 000-ზე მეტმა მამაკაცმა დატოვა.

დღის ამბები