25 აგვისტო 2026,   12:55
ვრცლად
"ძალიან ძნელია, 30 წელია შვილის კედელს ვუყურებ... დღემდე მისი საფლავი არ მაქვს" - სოხუმის დაცემის დღიდან 29 წელი გავიდა

უმძიმესი თარიღი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. დღეს სოხუმის დაცემის დღეა - ზუსტად 29 წელი გავიდა. აფხაზურმა მხარემ სოჭის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 1993 წლის 16 სექტემბერს კიდევ ერთხელ დაარღვია და სოხუმის ასაღებად შტურმი დაიწყო. ეს ბრძოლა 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 27-ში ქალაქი დაეცა.

სწორედ ამ დღეს დახვრიტეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, სოხუმის მერი გურამ გაბესკირია და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირებას 14 ათასამდე ადამიანი შეეწირა. 300 ათასი კი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა.

გმირთა მოედანზე დილიდან ხალხმრავლობაა, სოხუმის დაცემის დღეს ტრადიციულად მემორიალთან იკრიბებიან, ყვავილებით ამკობენ და პატივს მიაგებენ 29 წლის წინ გმირულად დაღუპულებს.

საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან დილიდან ტრადიციული ხალხმრავლობა არის. აქ მოდიან დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრები, რიგითი ადამიანები, მათი ახლობლები, რომლებიც ცრემლის და ემოციის გარეშე ვერ იხსენებენ იმ თარიღს, რომელმაც მათი ცხოვრება შეცვალა.  

ადგილზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ელოდებიან, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს - შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს და სხვ.

"დაღუპულები ვართ, იმის მერე რა არის ჩვენი ცხოვრება - არაფერი. გოჩა წერედიანი რომ მომიკვდა, ორმოცის მერე დამეჭრა უფროსი ბიჭი, 7 ტყვია ჰქონდა, დამწვარი, გაუბედურებული. ბოლო თვითმფრინავით წამოვედით სოხუმიდან. შრომაში დაიღუპა, სნაიპერმა დაიჭირა. მოხუცი ყოფილა მიბმული ხეზე, აქაური, 60 წლის კაცი, ვითომ ვუშველი მაგასო და თავისი თავი დაიღუპა. რა ვქნა, საფლავი არა. იყოს მაინც. წელიწადში ერთხელ მაინც გააკეთონ ისეთი რაღაც, რომ  შეგვიშვან, ვიცი საფლავი," – ამბობს აფხაზეთის ომში დაღუპული გოჩა წერედიანის დედა მედიკო წერედიანი.

"ძალიან ძნელია, 30 წელია შვილის კედელს ვუყურებ, ძალიან ძნელია ამის თქმა და წარმოდგენა. 30 წელია, რომ ვბრძოლობთ და ვომობთ. 22 წლის ვაჟკაცი ბიჭი ჩაიხოცა აფხაზეთში და დღემდე მე მისი  საფლავი არ მაქვს, ვარ გამწარებული დედა," - ამბობს აფხაზეთის ომში დაღუპული ელგუჯა რუხაიას დედა ლიანა ქუთელია.

დღის ამბები