უმძიმესი თარიღი ქვეყნის უახლეს ისტორიაში - დღეს სოხუმის დაცემის დღეა. გავიდა ზუსტად 29 წელი. გმირთა მემორიალთან დილიდან ხალხმრავლობაა. გმირების ხსოვნას პატივი უკვე მიაგეს პრემიერმა, მინისტრებმა, პოლიტიკოსებმა, დაღუპულების ოჯახის წევრებმა და რიგითმა მოქალაქეებმა. აფხაზურმა მხარემ სოჭის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 1993 წლის 16 სექტემბერს კიდევ ერთხელ დაარღვია და დაიწყო შტურმი სოხუმის ასაღებად. ეს ბრძოლა 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 27-ში ქალაქი დაეცა.
სწორედ ამ დღეს დახვრიტეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, სოხუმის მერი გურამ გაბესკირია და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირებას 14 ათასამდე ადამიანი შეეწირა. 300 ათასი კი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა.
ადგილზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, ასევე სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.
"დღევანდელი დღე ძალიან მძიმეა სრულიად საქართველოსთვის, 29 წელი გავიდა ნამდვილად 93 წლის 27 სექტემბრიდან. მე ძალიან კარგად მახსოვს, 7 წლის ვიყავი, რამხელა ტკივილი და ტრაგედია იყო სრულიად საქართველოსთვის. ქედს ვიხრი ამ გმირების წინაშე, ადამიანების, რომლის გვარებიც ამ კედელზე ოქროს ასოებით არის ამოტვიფრული. ნამდვილად გმირები არიან ეს ადამიანები, ჩემი მეგობრებიც არიან, ჩემი ბიძაშვილიც, ნათესავებიც. ყველას დიდი მადლობა, რომ იცავდნენ ჩვენს სამშობლოს," - განაცხადა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ეს თარიღი ქვეყნისთვის დიდი ტკივილია და საქართველოს ყველა გმირს ახსენებს.
"ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენს. ეს დღე ჩვენთვის არის დიდი ტკივილი და გვახსენებს საქართველოს ყველა გმირს. ასევე, დღეს ჩვენ ვიხსენებთ და კიდევ ერთხელ ვაკეთებთ ანალიზს იმ კონკრეტული მოვლენისა, რაც მოხდა 29 წლის წინ - სოხუმის დაცემა. ჩვენ 13 თვე და 13 დღე სამოქალაქო თავდაცვის პრინციპით, ჩვენმა ბიჭებმა, მთელმა საქართველომ იბრძოლა და არნახული წინააღმდეგობა გაუწია მტერს, ეს იყო საქართველოს ერთიანობა," - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა, ეს ტრაგიკული თარიღი უნდა ვაქციოთ მშვიდობის განმტკიცების და გაერთიანებული საქართველოს თანაცხოვრების სიმბოლოდ.
"განსაკუთრებით ახლა, როდესაც საქართველოს დამოუკიდებელი ტერიტორიების ჯერ კიდევ მიმდინარე ოკუპაციის ფონზე, სამყარომ, მსოფლიომ, კიდევ ერთხელ ნათლად დაინახა სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესია, ჩვენ ყველა ერთად, აფხაზებთან ერთად უნდა დავდგეთ მშვიდობის ასაშენებლად და განმტკიცებისთვის, იმისთვის, რომ დღევანდელი ტრაგიკული თარიღი ვაქციოთ არა მტრობის, არამედ მშვიდობის განმტკიცების და გაერთიანებული საქართველოს თანაცხოვრების სიმბოლოდ," - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი.