15 ნოემბერი 2024,   08:14
ვრცლად
ვინ შეცვლის ნინო ლომჯარიას - მესამე სექტორმა სახალხო დამცველის თანამდებობის დასაკავებლად 3 კანდიდატი უკვე დაასახელა

ვინ შეცვლის 3 თვეში ნინო ლომჯარიას - მესამე სექტორმა სახალხო დამცველის პოსტზე 3 კანდიდატი უკვე ოფიციალურად დაასახელა. 

მესამე სექტორს არჩევანს უწუნებს "ქართული ოცნება". მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ კანდიდატების შერჩევის პროცესი გამჭირვალე არ იყო და ევროპულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა რომ დასახელებული 3 კანდიდატიდან ოცნებამ რომელიმეს მხარი დაუჭიროს, თუმცა ასე არ ფიქრობს ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ბრიუსელის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობს. ხელისუფლების ოპონენტების ამ ნაწილისთვის მესამე სექტორს არჩევანი არ დაეწუნება.

მესამე სექტორში არ უარყოფენ, რომ სახალხო დამცველის პოსტზე შერჩეული სამი პირი, კომისიაში მყოფი "ენჯეოების" სიმპათიის მიხედვით შეარჩიეს. არასამთავრობო ორგანიზაციებში განმარტავენ, რომ შერჩევის მთავარი კრიტერიუმები აპოლიტიკურობა და ადამიანის უფლებების სფეროში გამოცდილება იყო.

მათი თქმით, წარდგინებას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და გადაწყვეტილების პროცესში პირადი გამოცდილებითაც იხელმძღვანელეს.

მესამე სექტორის მიერ წარდგენილებს სუსტ კანდიდატებად მიიჩნევენ "გირჩში". საპარლამენტო ოპოზიციური პარტია, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში 4 ხმა აქვს, მათ მხარდაჭერას არ აპირებს. პოლიტიკურ ცენტრში საკუთარი კანდიდატისთვის ხმების მოგროვებაზე მუშაობენ.

განსხვავებულია სხვა ოპოზიციური პარტიების პოზიცია. ისინი პირველი უფლებადამცველის პოსტზე პრეტენდენტების დასახელებას არ გეგმავენ. ამბობენ, რომ მესამე სექტორის კომპეტენციას ენდობიან და მხარსაც დაუჭერენ.

დღის, ბოლოს ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის შესრულების პროცესზე ოპონენტებს საპარლამენტო უმრავლესობიდანაც უპასუხეს. კანონმდებლების თქმით, ობიექტურ და საბოლოო გადაწყვეტილებას ყველა მსურველთან დაკავშირებით პარლამენტში პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული კომისია მიიღებს.

სახალხო დამცველის კანდიდატად დარეგისტრირების ვადა 29 სექტემბერს იწურება. არასამთავრობო სექტორმა გიორგი ბურჯანაძის, ანა აბაშიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურებს რეკომენდაცია გუშინ გაუწია. ობუდსმენის დამტკიცებას 90 კანონმდებლის ხმა სჭირდება, რომელიც პარლამენტში არცერთ პარტიას არ აქვს.


 

დღის ამბები