15 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
შტამპი არის ვიზის ფუნქციის შემსრულებელი, მესაზღვრე არის აბსოლუტურად თავისუფალი საზღვარზე შემოშვების გადაწყვეტილებაში - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში საქართველო-რუსეთის საზღვარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა. 

კითხვის საპასუხოდ, განიხილება თუ არა რაიმე ცვლილების შეტანა საზღვარზე მიმოსვლის, მათ შორის სავიზო რეჟიმის შემოღების მიმართულებით, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ამ მიმართულებით სრული პასუხისმგებლობა და საკითხის გადაწყვეტის ბერკეტი არის მესაზღვრის ხელში.

"ერთი რამე უნდა განვმარტოთ ჩვენი მოქალაქეებისათვის, როცა მანიპულაციურად საუბარია სავიზო რეჟიმის შემოღებაზე. ვიზა არის ორნაირი. ერთი, ეს არის ვიზა, რომელიც გაიცემა საკონსულო დაწესებულების მიერ ქვეყნის შიგნით და მეორე არის ვიზა, რომელსაც გასცემენ პირდაპირ აეროპორტში ჩასვლისას. თუკი საუბარია სავიზო რეჟიმის შემოღებაზე, ჩვენ არათუ საკონსულო, დიპლომატიური ურთიერთობაც არ გვაქვს რუსეთთან, შესაბამისად ლოჯისტიკურადაც შეუძლებელია რომ ჩვენ რუსეთის მოქალაქეებზე ვიზა გავცეთ ადგილზე, რუსეთის ტერიტორიაზე, ეს ხომ ფაქტია. მეორე, ამავე დროს ყველა ხვდება რომ არიან ქართველები, რომლებიც არიან რუსეთში, რომლებსაც რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა შემოვიდნენ საქართველოში, ამიტომ მათ ვიზა რაღაცნაირად უნდა მივცეთ მაშინ ამ შემთხვევაში. აეროპორტში გაცემული ვიზა, ეს არის ჩვეულებრივი ფურცელი, რომელიც ეკრობა პასპორტში, ის თავისი არსით არ განსხვავდება იმ შტამპისგან, რომელსაც არტყამს მესაზღვრე საზღვარზე. სწორედ ამაზე ვსაუბრობ, რომ ჩვენ ფაქტობრივად ეს საკონტროლო მექანიზმი, რასაც ჰქვია სხვა ქვეყნის მოქალაქის შემოშვება-არშემოშვების საკითხის გადაწყვეტა, ეს გადაწყვეტილება მიიღება პირდაპირ საზღვარზე, როგორც ეს ხდება ხოლმე ვიზის გაცემის დროს საზღვარზე. ასე რომ ამ მხრივ შეუძლიათ ჩათვალონ ადამიანებმა, თუკი მაინცდამაინც ტერმინოლოგია აწუხებთ, რომ ეს შტამპი არის ვიზის ფუნქციის შემსრულებელი. მესაზღვრე არის აბსოლუტურად თავისუფალი ამ გადაწყვეტილებაში.

ჩვენ სავიზო რეჟიმი რომც გვქონდეს, მაინც მესაზღვრე იქნებოდა მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში როგორც ფილტრი იმისთვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ადამიანის შემოშვების ან არ შემოშვების შესახებ," - განაცხადა პაპუაშვილმა. 

დღის ამბები