ალექსანდრე ლუკაშენკოს ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელ ბჟანიასთან მოლაპარაკება, შეერთებული შტატებში ბევრისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ ეს იგივეა, რის გაკეთებასაც ახლა რუსეთი უკრაინაში ცდილობს. კანონმდებლები ლუჰანსკის, დონეცკის, ხერსონის და ზაპოროჟიას ფიქციურ რეფერენდუმებს იხსენებენ.
"კურიერის" შეკითხვაზე, რა მოხდება, თუკი ეს ოკუპირებული ტერიტორიის აღიარებისკენ გადადგმული ნაბიჯია, სენატორები განმარტავენ, რომ არანაირი ლეგიტიმაცია ამ ქმედებას არ ექნება, ისევე როგორც რეფერენდუმებს უკრაინის ტერიტორიებზე.
"ბელარუსი არის თანამონაწილე იმის, რასაც ბატონი პუტინი უკრაინაში აკეთებს და ეს იგივეა, რის გაკეთებასაც რუსეთი უკრაინაში ცდილობს. ეს არის უბრალოდ ფარისევლობა. არასდროს იქნება აღიარებული საერთაშორისო დონეზე და არავითარი ლეგიტიმაცია ამას არ ექნება," - განაცხადა აშშ-ის კონგრესის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ბენ კარდინიმ.
"სიყალბეა და მსოფლიომ ეს იცის. როდესაც იარაღს მიუშვერ და ეტყვი, რომ ამას ხმა უნდა მისცე, ვიცით ეს რაც იქნება - ზეწოლა და სიყალბე, რაც საყოველთაოდ დაიგმობა," - აღნიშნა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ბობ მენენდეზიმ.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთმა გამოაცხადა ყალბი რეფერენდუმის წინასწარ მომზადებული მონაცემები, რომლებიც მოსკოვში მოიგონეს და უკრაინაში არ შეუგროვებიათ. ნედ პრაისის თქმით, შედეგები სრულად ფაბრიკაციაა და უკრაინელი ხალხის ნებას არ გამოხატავს. დეპარტამენტი ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტსაც გამოეხმაურა. "კურიერის" შეკითხვის საპასუხოდ, პრეს-სპიკერმა დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შეერთებული შტატების მხარდაჭერა და მოუწოდა რუსეთს, ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება შეცვალოს.
"ჩვენ საქართველოს და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად ვრჩებით. რუსეთი პასუხისმგებელი უნდა იყოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტაზე, უნდა გაიყვანოს ჯარები კონფლიქტის წინა პოზიციებზე და უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება," - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა.
რუსეთის აგრესიის თემაზე დღეს შეერთებული შტატების სენატში პარალელურად 2 მოსმენა მიმდინარეობდა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი რუსეთზე და მათ ხელის შემწყობებზე ზეწოლის და დამატებითი სანქციების საკითხს განიხილავდა. იურიდიული კომიტეტი კი სხდომაზე, სახელწოდებით "ნიურნბერგიდან უკრაინამდე" მსჯელობდა, თუ როგორ უნდა გაასამართლონ, უკრაინაში ჩადენილ სისასტიკეზე პასუხისმგებელი პირები. კომიტეტის ხელმძღვანელობა ცდილობს, აღარ განმეორდეს მეორეს მსოფლიო ომის შემდგომი ისტორია, როდესაც ნაცისტების და ფაშისტების ნაწილი, ევროპიდან, ე.წ. ვირთხის ბილიკებით გაექცა მართლმსაჯულებას.
"ნაცისტ სამხედრო დამნაშავეებთან გამოცდილებით ვიცით, რომ ზოგიერთი კანონდამრღვევი დაუყოვნებლივ გასამართლებას გაურბის. მათ შეიძლება დაირქვან მოგონილი სახელები, გაიქცნენ სხვა სახელმწიფოებში, ზოგიერთმა წარმატებით მოაღწიოს ჩვენს ქვეყანამდეც კი. როდესაც ეს სამხედრო დამნაშავეები შეერთებულ შტატებში მოხვდებიან, ისინი აქ თავისუფლად ვერ უნდა დარჩნენ. უნდა გვქონდეს საშუალებები, სამხედრო დამნაშავეების ექსტრადირებისთვის და დასასჯელად," - განაცხადა აშშ-ს სენატის იურიდიული კომიტეტის თანათავმჯდომარე, ჩაკ გრესლიმ.
ამ დროისთვის ზედა პალატაში უკვე განიხილება სენატორების გრესლის და გრემის კანონპროექტი, სახელწოდებით "2022 წლის ადამიანის უფლებათა დამრღვევების აქტი", რომელმაც ადამიანთა დევნასა და სამხედრო დანაშაულში მონაწილეები ამერიკის ტერიტორიაზე არ უნდა დაუშვას და ისინი მართლმსაჯულებას გადასცეს.