ომბუდსმენობის კანდიდატატები 9 კაციანმა ჯგუფმა უნდა შეარჩიოს. ამის შემდეგ კი დეპუტატები დაიწყებენ მსჯელობას, თუ ვის დაუჭერენ მხარს. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ მათთვის პრიორიტეტი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებული კანდიდატები იქნებიან.
პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად გაიმართება მსჯელობა, რომელ კანდიდატს ექნება მხარდაჭერა.
"დასახელებულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სამი კანდიდატი. ჩვენ ვიმსჯელებთ ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად, რომელ კანდიდატს ექნება მხარდაჭერა. ეს არის ჩვენი პოზიცია. არც ერთ შემთხვევაში, ხელისუფლებას არ უნდა დავუტოვოთ სივრცე, რომ ამ ცუდი კანონიდან გამომდინარე მისთვის მისაღები კანდიდატი გაიყვანოს," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივნის სალომე სამადაშვილის თქმით, "ლელო" არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს დაუჭერს მხარს.
"ლელოს" გეგმა არის, რომ მხარს დაუჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს. როგორ მოხდება ამის ტექნიკურად უზრუნველყოფა პარლამენტში, ამაზე ვიმსჯელებთ, ცხადია, ჩვენ სხვა კოლეგებთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს არასამთავრობო ორგანიზაციების ნდობით აღჭურვილი და დამოუკიდებელი სახალხო დამცველი," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
სახალხო დამცველის პოსტზე გამოცხადებულ კონკურსსა და ომბუდსმენობის კანდიდატების შესახებ განცხადება გაკეთდა მმართველ გუნდში. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ცალკეულ კანდიდატებთან დაკავშირებით დისკუსიებში არ ჩაერთვება.
"როდესაც იქნება სია, მერე შემეძლება ვისაუბრო კონკრეტულ კანდიდატებზე, თუმცა ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ ხელისუფლებამ, როგორც ვთქვით, წინასწარ ამ კონსულტაციებში და ამ დისკუსიებში არ ჩავერთვებით ცალკეულ კანდიდატებთან დაკავშირებით. ხოლო, რამდენად მიუკერძოებელია ის კანდიდატები, რომელიც წარმოდგენილია, დღეს ინფორმაცია ძალიან ხელმისაწვდომია და არ მგონია ვინმეს გაუჭირდეს საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბება," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
ამ ეტაპზე სახალხო დამცველის პოსტზე პრეტენზიას რამდენიმე ადამიანი აცხადებს - მათ შორის არის მესამე სექტორის მიერ დასახელებული სამი კანდიდატი - გიორგი ბურჯანაძე, ანა აბაშიძე და ნაზი ჯანეზაშვილი. პოსტის დაკავების სურვილი გამოთქვა ასევე "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, ალექსანდრე კობაიძემ და მარიკა არევაძემ.