მომდევნო წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით მინდა, რომ ჩვენს მოსახლეობას, ხალხს ინფორმაცია მივაწოდო. მინდა, მანამდე მოკლე შეფასება გავაკეთო და შევახსენო ჩვენს ხალხს და ჩვენს თავს, თუ სად ვიყავით მანამდე, ორი წლის წინ დაახლოებით, როცა პანდემია მძვინვარებდა ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა პანდემიამ, რა დროსაც ეკონომიკა შემცირდა 6.8%-ით და გაიზარდა მთავრობის ვალი.
"მომდევნო წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით მინდა, რომ ჩვენს მოსახლეობას, ხალხს ინფორმაცია მივაწოდო. მინდა, მანამდე მოკლე შეფასება გავაკეთო და შევახსენო ჩვენს ხალხს და ჩვენს თავს, თუ სად ვიყავით მანამდე, ორი წლის წინ დაახლოებით, როცა პანდემია მძვინვარებდა ჩვენს ქვეყანაში. მოგეხსენებათ, რომ მაშინ საქართველოს ეკონომიკაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა პანდემიამ, ეკონომიკა შემცირდა 6.8%-ით და ამან გამოიწვია ეკონომიკური ვარდნა, ჩვენი შემოსავლების შემცირება, გაღარიბება, უმუშევრობის ზრდა და ა.შ.
ამავდროულად, გახსოვთ, რომ მაშინდელმა მთავრობამ აიღო საკმაოდ დიდი ვალი, მთავრობის ვალი გაიზარდა და შეადგინა მშპ-ს 60%-ზე მეტი, ანუ 60%-ს გადააჭარბა მშპ-სთან მიმართებაში მთავრობის ვალმა, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მაშინ იყო 9.3 %. ეკონომიკური რეცესია გახსოვთ, რომ გაგრძელდა შარშან პირველ კვარტალშიც და რეალური ეკონომიკა 4.1 %-ით შემცირდა, თუმცა ვიცით, რომ ჩვენს მიერ გადადგმულმა ძალიან ეფექტურმა, გონივრულმა ნაბიჯებმა ძალიან სწრაფად გამოიწვია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლებაც, აღდგენა და ძალიან ძლიერი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მივიღეთ შარშან.
შეგახსენებთ, 2021 წელს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ შეადგინა 10.4% რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არა მხოლოდ შევძელით 2020 წელს მიღებული დანაკარგის სრული აღდგენა, არამედ 2019 წელთან შედარებით ეკონომიკის დონის 2.9 %-ით გაზრდაც შევძელით. შარშან გახსოვთ, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი ფისკალური კონსოლიდაციაც მოვახერხეთ, კერძოდ ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შემცირდა მშპ-ს 6.1%-მდე, მთავრობის ვალის მაჩვენებელი ჩამოცდა მშპ-ს 50%-იან ნიშნულს, 10%-იანი კლება, შემცირება იყო მთავრობის ვალის," – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.