29 აგვისტო 2026,   09:58
ვრცლად
სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესი იწყება - მხარეებმა დასკვნითი სიტყვები უნდა თქვან

სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესი იწყება. მხარეებმა დასკვნითი სიტყვები უნდა თქვან, რის მერეც, არ არის გამორიცხული, მოსამართლეთა კოლეგია შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავიდეს. გვარამიას "რუსთავი 2-ის" ქონებრივი უფლების გაფლანგვის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. მასთან ერთად ბრალდებულები არიან ზურაბ იაშვილი და კახა დამენია.

"სამწუხაროდ არანაირი პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს. ვთვლი, რომ დღეს ბრალდების მხარიდან ისევ და ისევ მოვისმენთ, რომ საქმეში არ არსებობს დაზარალებული, არ არსებობს მომჩივანი და ნიკა მაინც პატიმარია. თუ სააპელაციოს მოსამართლეები მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას სათავისოდ ძალიან გამიხარდება, მაგრამ ამის იმედი სამწუხაროდ მე დღეს არ მაქვს," - აცხადებს ნიკა გვარამიას მეუღლე სოფო ლილუაშვილი.

ამასთან, ადვოკატი კახა წერეთელი აცხადებს, რომ დანაშაულის ნიშნები აღნიშნულ საქმეში არ არის. 

"დღეს ყველანი მზად ვართ დასკვნითი სიტყვების სათქმელად. მოლოდინი შეიძლება ემყარებოდეს მტკიცებულებებს, რომელიც საქმეშია. წარდგენილი სამი პირის მიმართ 5 ბრალდებიდან თბილისის საქალაქო სასამართლომ არცერთ ბრალდებაში არ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ჩვენი მოლოდინია, რომ დანაშაულის ნიშნები ამ საქმეში არ არსებობს. მე წარმოვადგენ, კახაბერ დამენიას და ვსაუბრობ გაფლანგვის ეპიზოდზე,"-აცხადებს კახა წერეთელი.

უფლებადამცველებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს საქმის პროკურორს. ზვიად გუბელაძე აცხადებს, რომ "რუსთავი 2-ის" ქონების გაფლანგვის საქმეზე გვარამია დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი. 

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, იმ სამართლებრივ არგუმენტაციას, რომელიც მტკიცებულებებით და მიგვაჩნია, რომ ნიკა გვარამია დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი "რუსთავი2-ის" კუთვნილ ქონების გაფლანგვაში, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ასევე კომერციულ მოსყიდვასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში. რაც შეეხება კახაბერ დამენიას, ისიც ასევე "რუსთვი2-ის" კუთვნილ ქონებრივ უფლების გაფლანგვაში უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ და ზურაბ იაშვილი კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში," - აცხადებს ზვიად გუბელაძე.

დღის ამბები