19 აპრილი 2024,   12:41
ვრცლად
თსუ-ს ყოფილ ბუღალტერს და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა - როგორი იყო დანაშაულებრივი სქემა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ ბუღალტერს და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ მიიღო. ბრალდებულის მაკა ფოფხაძის ადვოკატი 10 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა სასამართლომ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ამასთან, ადვოკატის, მერაბ მამულაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს.

როგორც უნივერსიტეტის კანცლერი აცხადებს, საქმეზე გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და უნივერსიტეტის შიდა აუდიტის მიმართვების საფუძველზე დაიწყო.

"10 წელზე მეტი მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თსუ-ს ფინანსურმა დეპარტამენტმა 2021 წლის დეკემბერში გამოავლინა გარკვეული გადაცდომები, რომლის შესახებაც მოგვმართა ადმინისტრაციას. ჩვენ დავავალეთ ჩვენი აუდიტის შიდა სამსახურს შესაბამისი ფაქტის მოკვლევა. მოკვლევის ეტაპზე გამოვლინდა დანაშაულის ნიშნები, რომელებიც 2022 წლის მარტის თვეში გადაგზავნილ იქნა პროკურატურაში," - განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერმა ლაშა საღინაძემ

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისებას და კრედიტის უკანონოდ მიღებას ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა ბუღალტერმა, უნივერსიტეტის ანგარიშიდან მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და მიითვისა 165 ათასი ლარი.

დღის ამბები