04 დეკემბერი 2022,   09:38
ვრცლად
ავტომანქანის გამო დაწყებული კამათი, რომელიც ცოლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა - განსასჯელთა სკამზე "ნაციონალური მოძრაობიდან" მარტვილის საკრებულოს წევრია

გოროზიების ოჯახში მომხდარი ძალადობის სავარაუდო მიზეზი ავტომობილია. "კურიერის" ინფორმაციით, საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან", ცოლს უფლებას არ აძლევდა მანქანით გადაადგილებულიყო. მეუღლეებმა თავდაპირველად ავტომანქანის გასაღებზე იკამათეს, რამდენიმე წუთში კი გავრცელებული ვერსიით ზაალ გოროზია, ოლგა ჩურკანოვას ხელით შეეხო.

ოჯახში მომხდარი სავარაუდო ძალადობის შესახებ კამერებთან გოროზიების ახლობლები არ საუბრობენ. გავრცელებული ვერსიით, მოტივი მეუღლეებს შორის ყოფით ნიადაგზე დაიწყო.

გოროზიების ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტზე , ინფორმაცია კურიერმა გუშინ ექსკლუზიურად მოიპოვა. გავრცელებული ვერსიით, მარტვილის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი მეუღლემ ფიზიკურ ზეწოლაში დაადანაშაულა. შესაძლო დანაშაულის შესახებ, ოლგა ჩურკანოვამ სამართალდამცველებსაც თავად შეატყობინა. ქალი ამბობს, რომ მას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. პოლიციამ ზაალ გოროზია საკუთარ სახლში მალევე დააკავა.

მომხდარის შესახებ მეზობლებმა პოლიციელების გამოჩენის შემდეგ შეიტყვეს. ადგილობრივების თქმით, მათ მანამდე ხმაური არ გაუგიათ.

ზაალ გოროზია ახლა სენაკში დროებით მოთავსების იზოლატორშია და ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება, დაკავებულს ყავს ადვოკატიც, რომელიც ჯერ-ჯერობით საქმის მასალებს ეცნობა. საკრებულოს დეპუტატი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

თანაგუნდელის მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულზე კომენტარები "ნაციონალურ მოძრაობაშიც" გაკეთდა. პარტიაში მომხდარს გაუგებრობას უწოდებენ.

მოწმეების გამოკითხვა ამ დრომდე გრძელდება, "კურიერის" ინფორმაციით სამართალდამცველებმა კითხვები დაკავებულის შვილსაც დაუწვეს, თუმცა 18 წლის ბიჭმა კანონით გათვალისწინებული უფლება გამოიყენა და გამოძიებას ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა.

დღის ამბები