29 აგვისტო 2026,   01:48
ვრცლად
საქალაქო სასამართლო დიღომში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობაზე მსჯელობს- დაკავებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს 

საქალაქო სასამართლო დიღომში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობაზე მსჯელობს - 20 წლის ეგვიპტელი ახალგაზრდა, რომელიც მკვლელობის ადგილზე, იმავე ბინაში დააკავეს, ამ დრომდე ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

ბრალდებულის უფლებადამცველის გიორგი ფანცულაიას ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ესაჭიროება სხვადასხვა სახის ექსპერტიზა.

"დღეს პროკურატურის შუამდგომლობას პატიმრობის შესახებ, სავარაუდოდ, დავეთანხმებით შემდეგი მოტივით, რომ მას სჭირდება რამდენიმე ექსპერტიზის ჩატარება. სავარაუდოდ, დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზაც. წინასასამართლო სხდომისთვის უფრო მკაფიო იქნება, როგორც დაცვის მხარის პოზიცია, ისე, რა მოხდა აღნიშნულ მომენტში. დღეის მდგომარეობით, მასთან კომუნიკაციით ბევრი რამის გაგება შეუძლებელია,"-აცხადებს გიორგი ფანცულაია.

ამასთან, განსხვავებული დამოკიდებულება აქვს საქმის პროკურორს. როგორც ლევან ვეფხვაძე აცხადებს, ბრალდებული წარსულში ასევე ნასამართლევია ძალადობის მუხლით. მისივე თქმით, ყველა გარემოება მოწმობს იმაზე, რომ მას უნდა შეეფარდოს პატიმრობა. 

"ბრალდებულს, ამ ეტაპზე, ბრალი აქვს წარდგენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე. შესაბამისად, ბრალდების მხარს აქვს მოლოდინი, რომ მისი წარსულიდან გამომდინარე  - წარსულში ნასამართლევია, ასევე ძალადობის ფაქტზე. ამიტომ ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე უნდა შეეფარდოს პატიმრობა, ამის ყველანაირი საფუძველი არსებობს,"-აცხადებს ლევან ვეფხვაძე. 

დღის ამბები