19 მაისი 2024,   18:00
ვრცლად
ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი – ნიკოლოზ შერაზადაშვილი - ექსკლუზიური ინტერვიუ ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონტთან, რომელსაც ესპანეთში ქუჩა გაუხსნეს

ნიკოლოზ შერაზადიშვილი 1996 წელს, თბილისში დაიბადა. ტყუპისცალ ძმასთან და დასთან ერთად აქ იზრდებოდა. თავიდან ცურვა მოეწონა. შემდეგ წყალბურთმა გაიტაცა, ბოლოს კი მამის კვალს გაჰყვა-ძიუდოში დაიწყო ვარჯიში. 14 წლის იყო ოჯახი ესპანეთში რომ გადავიდა საცხოვრებლად და ახლა იქაურ ტატამზე გააგრძელა ვარჯიში. ჯერ ადგილობრივ ტურნირებში გამოდიოდა, მერე კი ესპანეთის მოქალაქეობა რომ მიიღო, საერთაშორისო ასპარეზობებში მონაწილეობის უფლებაც მისცეს და ევროპის ღია პირველობაზე ბრინჯაოს მედალიც დაიმსახურა. მალევე ახალგაზრდებში მსოფლიოს პირველობის ვერცხლსაც დაეუფლა, ხოლო შემდეგ დიდებს შორის აბუ-დაბის ტურნირზე თავისი პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.

ესპანური ძიუდოს ისტორიაში ეს მსოფლიოს ჩემპიონატების პირველი ოქრო იყო და მას მთელი ქვეყანა ზეიმობდა. ბაქოში, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალში გამარჯვებას, ნიკოლოზ შერაზადიშვილს ლეგენდარულმა კალათბურთელმა, NBA-ს ორგზის ჩემპიონმა, პაუ გასოლმაც მიულოცა. ყველაზე შთამბეჭდავი კი ალბათ მადრიდის გარეუბნის პატარა ქალაქის-ბრუნეტეს მერის გადაწყვეტილება იყო, რომელმაც "ნიკო შერას" სახელი ქალაქის ერთ-ერთ ქუჩას მიანიჭა.

ნიკოს არც საქართველოსთან გაუწყვეტია კავშირი. წლებია უკვე ის და ვარლამ ლიპარტელიანი ერთ წონაში ჭიდაობენ, მეტოქეებიც არიან და მეგობრებიც.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ქართველი ფალავანი რუს მიხაილ იგოლნიკოვს ხვდებოდა. ბოლო წამებზე მოულოდნელად მახრჩობელა ილეთზე წამოეგო და მოწინააღმდეგემ მანამდე არ გაუშვა ხელი, ვიდრე არ გაითიშა.

ოლიმპიური ჩემპიონობის სურვილი ნიკოს პირველად ათენის ოლიმპიადის დროს გაუჩნდა, როდესაც ტელევიზიით ზურაბ ზვიადაურის დაჯილდოების ცერემონიას უყურებდა. ეს მაშინ 8 წლის ბავშვის, მხოლოდ ოცნება იყო, თუმცა დღემდე ზვიადაური და ლიპარტელიანი მისი კერპები არიან.

მსოფლიოს ჩემპიონის მეორე ტიტული ნიკო შერაზადიშვილმა შარშან მოიპოვა. ბუდაპეშტის ტატამზე, ჯერ ნახევარფინალში იაპონელთა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, კენტა ნაგასავა ლამაზი იპონით დაამარცხა, ხოლო შემდეგ ფინალში უზბეკი დავლატ ბობონოვიც იპონზე დააგდო და მეორედ ავიდა კვარლცხბეკის უმაღლეს საფეხურზე.

დიდების მწვერვალზე ასვლა, სპორტის ნებისმიერ სახეობაში, ძალიან რთულია და ვერც ყველა ახერხებს ამ ოცნების ასრულებას. ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ნაწილობრივ ეს უკვე შეძლო. ახლა ჯერი პარიზის ოლიმპიადაზეა.

ავტორი : დავით ფრანგიშვილი

დღის ამბები