19 მაისი 2024,   17:59
ვრცლად
5 გათავისუფლებული სოფელი და ტყვედ ჩავარდნილი 50-ზე მეტი ოკუპანტი - ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატებას რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებით პასუხობს

ნოვოვასილიევკა, ნოვოგრიგორიევკა, ნოვაია კამენკა, ტრიფონოვკა და ჩერნოვოე. ხერსონის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისგან კიდევ 5 სოფელი გაათავისუფლეს, 50-ზე მეტი ოკუპანტი ტყვედ ჩაბარდა. წინსვლა აქვთ უკრაინელებს ლუჰანსკის მიმართულებითაც.

ბოლო 24 საათში უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების კუთვნილი 4 საბრძოლო ვერტმფრენი, 1 თავდაცვის და 11 საარტილერიო სისტემა გაანადგურეს. აფეთქებულია 5 ტანკი, 19 ჯავშანმანქანა და 15 ერთეული სპეცტექნიკა. დანაკლისია აქვს საოკუპაციო ძალას ცოცხალი ძალის კუთხითაც. ლიკვიდირებულია 300-მდე სამხედრო.

წარუმატებლობას ბრძოლის ველზე აგრესორი ქვეყნის მხრიდან მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმა მოჰყვა. 2 დაღუპული და 2 დაშავებული ზაპოროჟიეში. ისინი ქალაქ ორეხოვში რაიონული ელექტროქსელის თანამშრომლები იყვნენ. სტრატეგიული ობიექტს აგრესორი ქვეყნის სამხედროებმა გვიან ღამით შეუტიეს.

ქსელიდან გაითიშა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. მიზეზი "დნეპროვსკაიას" ქვესადგურის აფეთქებაა, რომელიც სადგურს ელექტროენერგიით ამარაგებდა. ობიექტი ოკუპანტების მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქის მისამართით ნასროლი 100-ზე მეტი ჭურვიდან ერთ-ერთმა დააზიანა.

ნიკოპოლში იერიშის შედეგად მძიმედ დაიჭრა 6 წლის ბავშვი. კრიტიკულ მდგომარეობაშია მცირეწლოვანის დედა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, სკოლის და საბავშო ბაღის შენობა. განადგურდა ორი ოფისი და კვების ობიექტი.

ფოსფორის ჭურვები გამოიყენა რუსულმა არმიამ სუმის ოლქში, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. დაშავებულია 15 პირი. დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და საწარმო.

ოკუპანტების ინტენსიურ ცეცხლს მსხვერპლი მოჰყვა ავდეევკაშიც. აგრესორმა ჭურვებით აგრარულ ბაზარს შეუტია. ამ დროისთვის არსებული მონაცემების თანახმად დაიღუპა 7 - დაშავდა 9 ადამიანი.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა 29 რაკეტა გაისროლეს. საჰაერო თავდაცვის სისტემამ 20 გაანეიტრალა. დაზარალდა 40-ზე მეტი დასახლება. გამოიყენეს ასევე, ირანული წარმოების 14 კამიკაძე-დრონი.

დღის ამბები