29 აგვისტო 2026,   03:48
ვრცლად
"პირადად ჩემი ინტერესია სიმართლე გაირკვეს და დადგინდეს, რამ გამოიწვია ეს საშინელი ტრაგედია, მაქსიმალურად ვთანამშრომლობთ და იმედი გვაქვს მალე შესაბამის მიზეზს დავადგენთ" - გიგა გიგაშვილი

თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით კომენტარი ცოტა ხნის წინ გააკეთა. ის კომპანია "გრინსერვისის" ხელმძღვანელებთან ერთად პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა.

"რა თქმა უნდა, მე პირადად სრულად ვთანამშრომლობ გამოძიებასთან და ყველა აუცილებელი ინფორმაცია, ასევე დოკუმენტურად დამატებით რამე თუ იქნება საჭირო, რა თქმა უნდა ამ ინფორმაციას მივაწვდით. პირველ რიგში, პირადად ჩემი ინტერესია, რომ სიმართლე გაირკვეს და დადგინდეს, რამ გამოიწვია ეს საშინელი ტრაგედია და ჩვენ მაქსიმალურად ვთანამშრომლობთ და იმედი გვაქვს მალე შესაბამის მიზეზს დავადგენთ, თუ რატომ მოხდა. ეს ყველაფერი არის საჯარო და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შევიდეს შესყიდვების ელექტრონულ საიტზე ამოიღოს ეს ინფორმაცია, რა ვალდებულებები გვქონდა ჩვენ, უშუალოდ გარემოს დაცვის სამსახურს და მუნიციპალიტეტს, რა ვალდებულებები ჰქონდა შემსყიდველ კომპანიას, რა ვალდებულებები ჰქონდა ექსპერტს და ა.შ.

ჩვენი სამსახურის ვალდებულება ხელშეკრულების შესაბამისად არის, რომ შევამოწმოთ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მისი შესრულება, რომელსაც ხელს ვაწერთ მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი აკრედიტირებული ან ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე, ამასთან ერთად მთლიანად ტენდერს და სამუშაოებს ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს მუნიციპალიტეტი. რა თქმა უნდა, არცერთი სამუშაო არ ჩაგვიტარებია, სადაც არ იყო ექსპერტიზა. ეს არის აკრედიტირებული ექსპერტიზის ბიურო, რაც გათანაბრებულია ყველა სხვა ექსპერტიზასთან. ამ ექსპერტიზით ნათქვამი იყო, რომ განხორციელებული სამუშაოები სრულად შეესაბამებოდა საპროექტო დოკუმენტაციას და წარმოებული სამუშაოები სრულ შესაბამისობაში იყო საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან - ამაზე მეტი დასკვნა ბუნებაში არ არსებობს. რა თქმა უნდა დასკვნა დიდია, დაახლოებით 500 გვერდი. მას აქვს თავისი დანართები ელექტროგაყვანილობის, მილების გაყვანილობის და ჩვენ ეს დასკვნა გადავეცით გამოძიებას," - აღნიშნა გიგი გიგაშვილმა.

დღის ამბები