კითხვა, ვისი პასუხისმგებლობაა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია, ისევ პასუხგაუცემელია. გამოძიება გრძელდება, ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში კომპანია "ელემსის" ხელმძღვანელი პირები გამოიკითხნენ.
ადვოკატის განმარტებით, "ელემსის" მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ყველაზე მაღალ ევროპულ სტანდარტებს პასუხობს. სწორედ ამ კომპანიამ მოამზადა შადრევნის პროექტი, რომელიც შემდეგ "გრინ სერვის პლიუსმა" განახორციელა.
"შპს "ელემსიმ" განახორციელა ვაკის პარკში შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. წარდგენილი დოკუმენტაცია პასუხობს ყველაზე მაღალ სტანდარტებს. კითხვები ეხებოდა ელექტრო მომარაგების უსაფრთხოების ნორმების საკითხებს. როგორ მუშაობს ტექნოლოგია - ამაზე არქიტექტორმა გასცა ამომწურავი პასუხი," - აცხადებს შპს "ელემსის" წარმომადგენლების ადვოკატი ზაზა ნაჭყებია.
შეგახსენებთ, ვაკის პარკში, 13 ოქტომბერს, შადრევანში სამი ბავშვი ჩავიდა და მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.