ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულებს რამდენიმე საათში ბრალს წაუყენებენ - 9-ვე პირი წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება. ყველა მათგანს დღეს საკუთარი ადვოკატი შეხვდა. ინტერესების დამცველები ამ დრომდე საქმის მასალებს ელოდებიან, მანამდე კი აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ ეთანხმებიან.
"ამ ეტაპზე გვექნება ასეთი პოზიცია, რომ დუმილის უფლებას გამოვიყენებთ, ვინაიდან საქმე არის ძალიან დიდი და მოცულობითი, ძალიან ბევრი მიმართულებაა. თავად გიორგის, რა თქმა უნდა, მიაჩნდა, რომ ის გადაწყვეტილებებს იღებდა, სწორედ, არსებული წესების დაცვით," - განაცხადა გიორგი ვახტანგიშვილის ადვოკატმა, კახა წერეთელმა.
რაც შეეხება "გრინსერვის +"-ის წარმომადგენლებს, მათი უფლებადამცველი აცხადებს, რომ კომპანიის წარმომადგენლები არსებულ ბრალდებას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ დაკისრებული ვალდებულებები არ დაურღვევიათ. ადვოკატის თქმით, დაკავებულები ნებაყოფლობით გამოცხადნენ სამართალდამცავ უწყებაში და მათ ხელთ არსებული ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავებს სრულიად მიაწოდეს.
"კიდევ ერთხელ შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს და პოზიცია უცვლელია. ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს ბრალის დადგენილება მეტი კონკრეტიკით ვისაუბროთ წარდგენილ ბრალდებაზე და ცალკეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, თუმცა ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ისინი არ ეთანხმებიან არანაირ ბრალდებას. მიიჩნევენ, რომ არ ჩაუდენიათ არავითარი დანაშაული.
პირველივე დღეს, როგორც კი დაიბარეს, ნებაყოფლობით გამოცხადნენ სამართალდამცავ უწყებაში, ნებაყოფლობით მიაწოდეს ყოველგვარი ინფორმაცია, რაც გააჩნდათ მოცემულ სამუშაოებთან დაკავშირებით. მათ შორის ლაშა ფურცხვანიძე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გამოიკითხა, ნებაყოფლობით მიაწოდა ყოველგვარი ინფორმაცია. ბატონი ლაშა და ორი პირი მიიჩნევენ, რომ ყველა მოქმედება განხორციელებულია კანონის სრული დაცვით. მათ დაკისრებული ვალდებულებები არ დაურღვევიათ, შესაბამისად არ დაურღვევიათ კანონი," - განაცხადა "გრინსერვის +"-ის წარმომადგენლების ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ.
ადვოკატებმა დროებითი მოთავსების იზოლატორი უკვე დატოვეს. ცხრავე დაკავებული უკვე ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება. 48 საათიანი ვადა ხვალ 17:00 საათზე იწურება.