ვაკის პარკის შადრევანში ბავშვებისთვის დენის დარტყმის საქმეზე, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, 9 ადამიანი დააკავეს. თბილისი საქალაქო სასამართლომ დაკავებულების აღმკვეთ ღონისძიებაზე დღეს, 19:00-ზე უნდა იმსჯელოს.
"გრინსერვის პლუსის" თანამშრომლების ადვოკატი ომარ ფურცელაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 3 პირის განცხადებით, მათ არ ჩაუდენიათ რაიმე სახის უკანონო ქმედება. შესაბამისად დაკავებულები თვლიან, რომ მათზე დაკისრებული ყველა მოვალეობა ჯეროვნადაა შესრულებული.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები თვლიან, რომ არიან უდანაშაულოები, მათ არ ჩაუდენიათ არანაირი უკანონო ქმედება. რაც შეეხება განხორციელებულ მოქმედებებს, ეს სტანდარტი და ლოგიკა ბუნებრივია ვრცელდება ყველა განხორციელებულ სამუშაოზე. ისინი მიიჩნევენ, რომ ყველა ხელშეკრულებით, საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მოქმედება ჯეროვნადაა შესრულებული,"-აცხადებს ომარ ფურცელაძე.
ამასთან, სასამართლოს მიერ ნაკლებად მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების იმედი აქვს გიორგი ვახტანგაშვილის ადვოკატს. ლაშა ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ არ არსებობს დაკავებულის მხრიდან მტკიცებულებების განადგურების ან მიმალვის საფრთხე.
"გამომდინარე გიორგის პოზიციიდან, ჩვენ ფაქტობრივ საფუძველზე ყურადღებას არ გავამახვილებთ და მხოლოდ არ დავეთანხმებით ფორმალურ საფუძვლებთან მიმართებაში. შესაბამისად მივიჩნევთ, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, მიმალვის საფრთხე და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არ არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით. გამომდინარე აქედან, მოვითხოვთ ნაკლებად მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებას,"-აცხადებს ლაშა ცუცქირიძე.
ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცავებმა 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავა.
დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.