ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს.
პროცესს თავად ბრალდებული სპორტსმენიც ესწრება. დასკვნით სიტყვას ამბობს დაცვის მხარე, სავარაუდოდ რეპლიკის უფლებით ისარგებლებს ნიკოლოზ ბასილაშვილიც, რის მერეც, მოსამართლე სათათბიროდ გავა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ნელი დოროყაშვილი იტყუება და მან მოსამართლეს შესთავაზა დასკვნითი სიტყვის მიმდინარეობისას, ერთად დაეთვალათ მისი "ტყუილები".
"გთავაზობთ, რომ დავითვალოთ დასკვნითი სიტყვის მიმდინარეობისას ერთობლივად დავითვალოთ თუ რამდენი ტყუილი თქვა ნელი დოროყაშვილმა. ვნახოთ აკმაყოფილებს თუ არა ნელი დოროყაშვილი მოწმის სანდოობის ტესტს. ჩვენ აქ დავამტკიცებთ, რომ არანაირ ფსიქოლოგიურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და ელი დოროყაშვილი გვაწვდის არასწორ ინფორმაციებს,"- აცხადებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი თენა გვაზავა
საქმის პროკურორი კი აცხადებს, რომ წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება, ნიკილოზ ბასილაშვილის ბრალეულობას ადასტურებს.
"წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება, რაც ადასტურებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალეულობას მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე. წინა პროცესზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარის არგუმენტირებული პოზიცია დასკვნითი სიტყვის ეტაპზე, დღეს კი დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას მოვისმენთ და ასევე ბრალდებულის საბოლოო სიტყვას, რის შემდეგაც სასამართლო განაჩენს გამოიტანს. ბრალდების მხარეს, რა თქმა უნდა, აქვს მოლოდინი რომ განაჩენი გამამტყუნებელი იქნება,"- აღნიშნავს პროკურორი ნათია გურული.