მიწის მითვისების საქმეზე დაკავებული 13 ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოლოდინშია.
მათ პროკურატურა, კახეთში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების, თაღლითობაში დახმარების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტს ედავება.
უფლებადამცველი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები დანაშაულს არ აღიარებენ.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ, კახეთის რეგიონში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების, თაღლითობაში დახმარების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე 13 პირს, მათ შორის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ყოფილ წარმომადგენელს ბრალდება 24 ოქტომბერს წარუდგინა.
კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ბრალდებულებმა ინდივიდუალური განცხადებით მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების დარეგისტრირება მოითხოვეს. სარეგისტრაციო წარმოებისას, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, თანასოფლელების სასარგებლოდ, ყალბი ინფორმაცია მიაწოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს. ასევე, განმცხადებელმა პირებმა, ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღების მიზნით, ერთმანეთის სასარგებლოდ იცრუეს და დაადასტურეს, თითქოსდა 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით, მომიჯნავედ, ფლობდნენ უძრავ ქონებას.
მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად, ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ, 122,700 ლარად ღირებულ 79232 კვ.მ. უძრავ ქონებას.