15 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
ვისთან მიდის დანაშაულის კვალი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე - ენმ ტრანსნაციონალური დანაშაულში კეზერაშვილის კავშირს უარყოფს, რას ამბობს მმართველი გუნდი

ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან "ქართული ოცნების" დაკავშირება, მამუკა მდინარაძის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" მცდელობაა, მმართველი პარტიის იმიჯი დაზიანდეს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დანაშაულის კვალის დაფარვაზე საუბრობს.

ვისთან მიდის დანაშაულის კვალი? - ეს ახლა იმ გამოძიების მთავარი კითხვაა, რომელიც ევროკავშირის მოქალაქეების კუთვნილი თანხების თაღლითურად მითვისების სქემას შიფრავს. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გუშინ თბილისში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მეგობრის და ყოფილი ბიზნესპარტნიორის ოფისიც გაჩხრიკეს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მათი და დავით კეზერაშვილის ქოლცენტრების საქმესთან კავშირს უარყოფენ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის როლზე ქოლცენტრების საქმეში, მმართველი გუნდის წევრები ღიად საუბრობენ. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ გამოძიება ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს გასცემს.

დამატებითი დეტალების გარკვევას ელოდებიან საპარლამენტო ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები და გამოძიების დასრულებამდე კონკრეტული გვარების დასახელებას ერიდებიან. ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების თანამონაწილეობის გარეშე დანაშაულებრივი სქემა ვერ შეიქმნებოდა.

რამდენიმეთვიანი ძიების პროცესი ევროჯასტისა და 7 ქვეყნის ჩართულობით მიმდინარეობდა. გერმანელმა და ქართველმა სამართალდამცველებმა ხუთი ე.წ. ქოლცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინებისა და ავტომანქანების ჩხრეკა ჩაატარეს. გამოძიების ინფორმაციით ამოღებულია დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. მმართველი გუნდის განმარტებით, სწორედ ამ დანაშაულებრივი სქემის დაფარვას ცდილობდა "ნაციონალური მოძრაობა".

ამ დროისთვის საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ მტკიცებულებებს და დოკუმენტებს სწავლობს. არ არის გამორიცხული მალე ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.

დღის ამბები