02 მაისი 2024,   02:05
ვრცლად
ყაჩაღობა, ცემა და სექსუალური ძალადობა 70 წლის მონაზვნის მიმართ - სოფელ ცხრამუხაში ჩადენილი შემზარავ დანაშაულზე, წარსულში ნასამართლევი 2 მამაკაცია დაკავებული

ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხრამუხაში, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში, სავარაუდოდ ყაჩაღობის მიზნით, რამდენიმე პირი შეიჭრა. უცნობები ერთ-ერთ მონაზონს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა. დაკავებული ლაშა ტალახაძე და ვასო გამგონაძე საბრალდებო სკამზე უმძიმესი დანაშაულისთვის სხედან.

ქალი, რომელიც საკუთარი შვილის უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობს, სასულიერო პირის დაყაჩაღებისა და გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული ლაშა ტალახაძის დედაა. სავარაუდო მოძალადის ოჯახი გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ ენდობა და მომხდარის საკუთარ ვერსიაზე საუბრობს.

27 წლის ლაშა ტალახაძემ საპატიმრო დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. ის სასჯელს ოჯახური ძალადობისთვის იხდიდა. ხაშურში სტუმრად მეგობართან, ორი დღის წინ ჩავიდა.

კიდევ ერთი დაკავებული ვასილ გამგონაძეა. ისიც წარსულში ნასამართლევია, ყაჩაღობის მუხლით. უკვე წლებია, რაც 39 წლის მამაკაცს საკუთარ ოჯახთან კონტაქტი არ აქვს.

70 წლის მონაზონს სახისა და სხეულის სხვადასხვა დაზიანება აქვს. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში მიიყვანა, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო მსხვერპლი ქალის თბილისში გადმოყვანა გახდა საჭირო.

გამოძიება ჯგუფური ყაჩაღობისა და გაუპატიურების უმძიმეს საქმეზე გრძელდება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს საპატიმრო დაწესებულებაში დიდი დროის, 13 წლის გატარება მოუწევთ.

დღის ამბები