25 აპრილი 2024,   10:44
ვრცლად
მონასტერში ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე მხილებულებს, ციხეში გადაყვანის დროს, გარეთ მრევლის წევრები შეძახილებით დახვდნენ - ტალახაძეს და გამგონაძეს პატიმრობა შეეფარდათ

ჩადენილი სასტიკი და შემზარავი დანაშაულის შემდეგ ლაშა ტალახაძემ და ვასილ გამგონაძემ მონასტრიდან შესაწირი ყუთებიც წაიღეს, ცხარმუხის მონასტერში სასტიკად ნაცემი 70 წლის მონაზონი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

მონაზვნის ჩვენება სასტიკი დანაშაულის მთავარი მტკიცებულებაა. ამ და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, ცხრამუხის მონასტერში სასულიერო პირზე თავდასხმაში ბრალდებულ ორივე მამაკაცს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროცესი ისე დასრულდა, რომ განსასჯელებმა დანაშაული არ აღიარეს.

ბრალდებულთა ინტერესების დამცველმა პროცესის დაწყებამდე მოკლე კომენტარი გააკეთა, განხილვის დასრულების შემდეგ კი მან ხაშურის რაიონული სასამართლო განმარტების გარეშე დატოვა. საქმის დეტალებზე დღეს მხოლოდ პროკურორმა ისაუბრა. ბრალდების მხარე ამბობს, რომ გროვდება ყველა მტკიცებულება იმისთვის, რომ ორივე განსასჯელმა დარჩენილი ცხოვრება გისოსებს მიღმა გაატაროს.

“კურიერმა“ დღეს სასტიკი დანაშაულის ოქროს მოწმე ექსკლუზიურად ჩაწერა. მამაკაცი, რომელმაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ სასულიერო პირს პირველი დახმარება გაუწია, ნანახით ახლაც შოკირებულია. თვითმხილველმა მომხდარის შესახებ მონასტრის წინამძღვარს და პოლიციას შეატყობინა. მამა მიქაელისთვის ფაქტი გამაოგნებელი აღმოჩნდა. შემთხვევიდან მალევე მონასტერში მისულ წინამძღვარს 70 წლის მონაზონი უმძიმეს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში დახვდა.

თავდასხმის მსხვერპლი მონაზონი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. გამოძიების მტკიცებით, ის ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ორმა მამაკაცმა ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ ჯგუფურად გააუპატიურა და მონასტრიდან შესაწირი ყუთები გაიტაცა. დანაშაულის ჩადენიდან დაახლოებით ორ საათში პოლიციამ 27 წლის ლაშა ტალახაძე და 39 წლის ვასილ გამგონიძე დააკავა. ორივე მათგანი წარსულში ყაჩაღობისა და ძალადობისთვის არის ნასამართლევი.

გამოძიების მიერ უკვე დადგენილია ბრალდებულთა გადაადგილების ტრაექტორია და ამოღებულია არაერთი მტკიცებულება. მათ შორის მონაზვნის კუთვნილი მობილური, რომელიც თავდამსხმელებს გაქცევის დროს სასაფლაოს ტერიტორიაზე დაუვარდათ. ცხელ კვალზე გახსნილ დანაშაულზე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემაც ისაუბრა.

ორივე ბრალდებული უკვე გადაიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. შემზარავ დანაშაულში მხილებულებს სასამართლო შენობიდან ციხეში გადაყვანის დროს გარეთ მრევლის წევრები შეძახილებით დახვდნენ.

დღის ამბები