ბუქარესტში ნატო-ს მინისტერიალი იმართება, სადაც სხვადასხვა ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ღიად გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მიმართ. მინისტერიალის ფარგლებში, ბუქარესტში მყოფ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს დღეს ორმხრივი შეხვედრებიც აქვს დაგეგმილი.
საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში, ვიქტორ დოლიძე დარწმუნებულია, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა საქართველოს გაწევრიანების პროცესზეც აისახება.
"სიმბოლურია ის რომ ბუქარესტში კიდევ ერთხელ დაფიქსირდება ხაზგასმით ის, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გაწევრიანდებიან ნატო-ში. ეს არის შეუქცევადი პროცესი. გარდა ამისა, დეკლარაციაში მნიშვნელოვანი წილი დათმობილია ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის, გაძლიერებისთვის და ურთიერთთავსებადობის გაძლიერებისთვის ნატო-სთან. ქვეყნისთვის, რომელიც არის რისკის ქვეშ რუსეთიდან მუდმივად, მას სჭირდება მეტი დახმარება, მეტი თანადგომა, რათა მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ და ამავე დროს, რა თქმა უნდა, მოვახერხოთ განვითარება.
გარდა ამისა, ჩვენ მივესალმებით შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების პროცესს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა, დარწმუნებული ვარ ჩვენზეც აისახება," - აცხადებს დოლიძე.