27 იანვარი 2023,   01:43
ვრცლად
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, პატიმარი სააკაშვილი მზად არის საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწროს, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ დისტანციურად

სასამართლო სხდომა, რომელმაც ექსპრეზიდენტის მკურნალობის საკითხი უნდა გადაწყვიტოს, ჯერ არ ჩანიშნულა. ადვოკატები მოსამართლე გიორგი არევაძეს მოუწოდებენ, იჩქაროს, რადგან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მათი შეფასებით, დღითიდღე უარესდება.

წონაში სწრაფი კლება, საერთო სისუსტე, მოძრაობის შეზღუდვა- ეს ის სიმპტომებია, რომელზეც ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის ექიმები მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ საუბრობენ. მათ პაციენტს კახექსიის დიაგნოზიც დაუსვეს, რაც ანორექსიის გართულებული ფორმაა. კონსილიუმის მედიკოსები გართულების რისკებს ხედავენ და ამბობენ, რომ ამისთვის "ვივამედში" რეანიმაციის განყოფილებაც მზად არის.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, თანაპარტიელები, მხარდამჭერები ახლა სასამართლო გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. გიული ალასანიამ შვილი პალატაში დღესაც მოინახულა. 

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე მორიგი განცხადება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა. რატი ბრეგაძე განმარტავს, რომ ექსპრეზიდენტი პაციენტია და ის ყველა შესაბამისი სამედიცინო სერვისით სარგებლობს. მან დღეს ოპოზიციონერებს პოლიტიკური წარსული გაახსენა და აწმყოც. 

აქტიურობს პოლიტიკური ფლანგიც. ოპოზიციონერების მიმართვის ადრესატი სალომე ზურაბიშვილია. პრეზიდენტს ახსენებენ, რომ სწორედ მას შეუძლია სააკაშვილის გადარჩენა, თუკი შეიწყალებს. მმართველი გუნდის ლიდერები ქართველ ექიმებს ენდობიან და სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მიუთითებენ. მოწოდებები ისმის დასავლეთიდანაც. მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუმ მოითხოვს სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანას შესაბამის საავადმყოფოში. ამის შესახებ სანდუმ სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" დაწერა.  

მიხეილ სააკაშვილი ნახევარ წელზე მეტია "ვივამედში" მკურნალობს. მოსამართლე გიორგი არევაძემ კი უახლოეს პერიოდში უნდა გადაწყვიტოს, გადავა თუ არა პაციენტი სააკაშვილი სამკურნალოდ ამჯერად უკვე უცხო ქვეყნის კლინიკაში.

დღის ამბები