16 აპრილი 2024,   08:17
ვრცლად
როგორ უნდა მოხდეს ჰონორარის განკარგვა შემოქმედების სფეროს წარმომადგენლებისთვის - საავტორო უფლებათა ასოციაციას საქპატენტი შეამოწმებს

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას საქპატენტი შეამოწმებს. ამის შესახებ განცხადება კულტურის კომიტეტის სხდომაზე გაკეთდა.

დავა საავტორო უფლებებზე გრძელდება. როგორ უნდა მოხდეს ჰონორარის განკარგვა შემოქმედების სფეროს წარმომადგენლებისთვის - ეს იყო მთავარი საკითხი კომიტეტზე, რომელზეც ავტორებსა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას შორის აზრთა სხვადასხვაობაა.

შემოქმედების ავტორები მიიჩნევენ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში მათთვის გამოყოფილი შემოსავალი მიზერული და არაადეკვატურია. ისინი ბაზარზე მონოპოლიის რისკებსაც ხედავენ.

დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილი იქნა კვლევის შედეგებიც, რომელმაც ავტორების შეფასებით, კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები უნდა დაარეგულიროს.

"ქორწილი არ ჩაივლიდა, რომ ჩემი სიმღერა არ გაჟღერებულიყო. ბათუმში, სადაც გაიხედავდი, ყველგან ჩემი სიმღერა ისმოდა. რატომ მქონდა თქვენგან 120 ლარი თვეში? ეს დაცინვა იყო თუ რა იყო? თან შემსრულებელიც მე ვარ, მუსიკაც ჩემია, ტექსტიც ჩემია. გეკითხებით, ეს მმართველობა კიმ ჩენინის მმართველობას არ ჰგავს?" - მიმართა მუსიკოსმა გია ნიკოლაძემ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარეს. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა საქპატენტის თავმჯდომარემაც. 

"ავტორებს, უფლების მფლობელებს აქვთ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ეს გამჭვირვალობა ძირითადად უკავშირდება ჰონორარების შეგროვებისა და განაწილების საკითხებს. სწორედ ამიტომ ბუნებრივია, ჩვენ 2 მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. პირველი - დღეს არსებული კანონის ფარგლებში, შევამოწმოთ ქონებრივი უფლებებს მართვასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები, კოლექტიური მართვის ორგანიზაციებში. მეორე - საქპატენტმა ცხადია პარლამენტთან ერთად უნდა ვიმუშაოთ არსებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრაზე," - განაცხადა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ "საქპატენტის" თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ. 

დღის ამბები