ამერიკის შეერთებული შტატები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ხელმძღვანელების წინააღმდეგ სანქციებს აწესებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, შეზღუდვები ICC-ის პრეზიდენტ ტომოკო აკანესა და უფროს სასამართლო იურისტ აბდულაი სეის შეეხო. ვაშინგტონი ჰააგის სასამართლოს უფლებამოსილების გადამეტებასა და პოლიტიზებულობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ არ დაუშვებს თავდასხმას იმ ქვეყნების სუვერენიტეტზე, რომელთაც სასამართლოს იურისდიქცია არ უღიარებიათ.
"ტრამპის ადმინისტრაცია მკაფიო იყო: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) არის კორუმპირებული და უკიდურესად პოლიტიზებული სუპრანაციონალური სასამართლო, რომელმაც ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებამოსილება და გასცდა საკუთარ მანდატს. ჩვენ არ მოვითმენთ მის თავდასხმას სახელმწიფო სუვერენიტეტზე.
ICC-ის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ გასულ თვეს დაწყებული დიპლომატიური კამპანიის ფარგლებში, აღმასრულებელი ბრძანებულების (E.O. 14203) - "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის სანქციების დაწესების შესახებ“ საფუძველზე, სანქციებს ვუწესებ ICC-ის ორ ოფიციალურ პირს: ICC-ის პრეზიდენტს, ტომოკო აკანეს (იაპონია) და ICC-ის უფროს სასამართლო იურისტს, აბდულაი სეის (სენეგალი). ეს პირები უშუალოდ მონაწილეობდნენ ICC-ის მცდელობებში, გამოეძიებინა, დაეკავებინა ან პასუხისგებაში მიეცა იმ მთავრობების ოფიციალური პირები, რომლებსაც არ განუცხადებიათ თანხმობა ICC-ის იურისდიქციაზე.
ICC არაერთხელ შეეცადა უფლებამოსილების გავრცელებას ამერიკის შეერთებული შტატებისა და იმ სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე, რომელთაც არ განუცხადებიათ თანხმობა მის იურისდიქციაზე და არ მოუხდენიათ "რომის სტატუტის" რატიფიცირება. ეს სახიფათო პრეცედენტს ქმნის ყველა ერისთვის.
ჩვენი მთლიანი სამთავრობო კამპანია, რომელიც მიმართულია ICC-ის მიერ ეროვნული სუვერენიტეტისთვის შექმნილი საფრთხის აღმოსაფხვრელად, იქნება ფართომასშტაბიანი. ჩვენ ველით, რომ ამ პოლიტიზებული და ანგარიშვალდებულებას მოკლებული სასამართლოს დაფინანსებისა და მასში მონაწილეობის შეწყვეტით, ჩვენს კამპანიას მეტი ქვეყანა შემოუერთდება. უნდა დასრულდეს ICC-ის შესაძლებლობა, მიზანში ამოიღოს ამერიკელი მოქალაქეები და იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან სტატუტის მონაწილე მხარეები. ტრამპის ადმინისტრაცია მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, გაატაროს დამატებითი ზომები ICC-ის სისტემური ლიკვიდაციისთვის, სანამ იგი უუნარო გახდება, საფრთხე შეუქმნას ამერიკის სუვერენიტეტს", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.