გიორგი კირთაძის მიმართ განხორციელებულ თავდასხმას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია დამნაშავის სწრაფ იდენტიფიცირებას და გამოძიებას ითხოვს.
ხელისუფლება კი, კირთაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ თავმდამსხმელის უკან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დგას, უსაფუძვლოს უწოდებს და აქცენტს მის დესტრუქციულ ქმედებებზე აკეთებს.
"ნაცმოძრაობისა და კირთაძის პოზიცია ყველამ იცის. მხარს უჭერენ დესტაბილიზაციას, არეულობას. ვიღაცამ კვერცხი თუ ესროლა, რა საკვირველია ეს არ ნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ გაილაშქრა სახელმწიფო აპარატმა და უშიშროებამ 2 კვერცხი იყიდა, გამვლელს მისცა და სთხოვა, რომ კირთაძისთვის ესროლა. აბსოლუტურად უსაფუძვლო და უნიათო კომენტარი გააკეთა," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.