თბილისი, გორი, ქუთაისი - ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე სპეცოპერაცია ერთდროულად ჩატარდა. სამართალდამცველებმა 20-მდე ნარკორეალიზატორი დააკავეს.
ამ წუთებში სპეცოპერაცია მიმდინარეობს გორში. ეკატერინე ჯუღაშვილის ქუჩაზე სამართალდამცველები ოპერატიულ ღონისძიებებს აწარმოებენ, ჩხრეკა საცხოვრებელ სახლში უკვე ჩატარდა. "კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.
50 წლამდე მამაკაცი დააკავეს მოსამართლის განჩინების საფუძველზე. ის სამართალდამცავებმა მაშინ აიყვანეს, როდესაც ის საცხოვრებელი სახლიდან გამოდიოდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაიჩხრიკა როგორც საცხოვრებელი ბინა, ასევე მისი პირადი ჩხრეკაც ჩატარდა.
დაკავებულმა, მანამ სანამ მას პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანდნენ, მცირე კომენტარი გააკეთა. მამაკაცი ამბობს, რომ არ იცის რას ედვებიან და რისთვის დააკავეს.
"არ ვიცი რატომ მაკავებენ. ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ არ ვარ დამნაშავე. ამჟამად უმუშევარი ვარ," - განაცხადა დაკავებულმა მამაკაცმა.
გორში მიმდინარე სპეცოპერაციის დეტალები დღეს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა განმარტა.
"როგორც მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება წარმოადგენს ნარკორეალიზატორების წინააღდეგ ბრძოლა. როგორც იცით, წინა თვეების განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა დიდი ღონისძიებები პოლიციური. დღესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ იქნა პოლიციური ღონისძიება ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. ერთ-ერთი ნარკორეალიზატორი დაკავებულია შიდა ქართლში. ჯერ კიდევ მიმდინარეობს ღონისძიება და დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური მოგაწვდით," - განაცხადა შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვალერი თელიამ.