29 აგვისტო 2026,   06:29
ვრცლად
ხმაური და პროტესტი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე - ერთ-ერთი აქტივისტი დარბაზიდან გააძევეს

უკვე ერთი საათია, საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. სხდომას დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ესწრება თავად ექსპრეზიდენტიც. სასჯელის გადავადების, ან გაუქმების თაობაზე შუამდგომლობა ადვოკატებმა წარადგინეს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენებას მისცემენ ექსპერტები. მათ შორის, სასამართლოში იმყოფება ამერიკელი ექსპერტიც - ერიკ დევიდ გოლდ სმიტი, რომელმაც სააკაშვილის სამედიცინო დასკვნის შედგენაში მონაწილეობა მიიღო. სხდომას ესწრებიან სააკაშვილის მშობლები და მხარდამჭერები, ასევე პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალხაზ ურთქმელიძე.  

შუამდგომლობები ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შეფასებას. ამას როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარეც და სპეციალური პენიტენციური სამსახურიც ითხოვს. საუბარია იმ კადრებზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ და სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პალატაში სხვადასხვა დროს გადაღებული კადრებით იყო ნაჩვენები. ამ შემთხვევაშიც, ბრალდების მხარე და სპეციალური პენიტენციური სამსახური ცდილობდა მხარეებისთვის ეთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ქცევა აჩვენებს იმას, რომ ის სიმულირებს, რისი მტკიცებისთვისაც მათ მოითხოვეს შუამდგომლობის სახით დამატებითი ექსპერტიზა ჩატარდეს. დამატებითი ექსპერტიზა, რომელშიც 3 დამოუკიდებელი რგოლი მიიღებს მონაწილეობას - როგორც სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიურო, ასევე მაია ნიკოლეიშვილი და სხვა დამოუკიდებელი ექსპერტიზა. აღნიშნულ მოთხოვნას ადვოკატის მიერ პროტესტი და კონტრბრალდებები მოყვა იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ექსპერტიზის რგოლები ვერ იქნებიან დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი შემფასებლები.

"რაც შეეხება მაია ნიკოლეიშვილს, ღია მოწმეს, რომელიც გახლავთ პათანატომი თავისი პროფესიით. ქალბატონი მაია არის პირადი და დაუძინებელი მტერი სააკაშვილის, რასაც არ მალავს. მოგეხსენებათ, ქალბატონი მაია შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით თემურ ჟორჟოლიანთან და სხვა პირებთან ერთად იქნა გასამართლებული სააკაშვილის რეჟიმის დროს, პროკურორად გამოდიოდნენ ბატონი ნოზაძე და ბატონი ცაცუა. ქალბატონმა მაიამ მოვიდა და ყველას დაადო ხელი, რომ ამ ადამიანებმა მოაწყვეს სახელმწიფო გადადტრიალება. ყველას შეეფარდა პატიმრობები, მოიხადეს სასჯელები. ბატონ თემურ ჟორჟოლიანი გარდაიცვალა. ქალბატონ მაია ნიკოლეიშვილს მაშინ გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება თანამშრომლობის საფუძველზე. სულ რამდენიმე ხნის წინ ეს ადამიანები სააპელაციო სასამართლომ გაამართლა," – აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.

შუამდგომლობებს და პოზიციების გაცვლას კლინიკა ვივამედიდან ონლაინ რეჟიმში თვალ-ყურს ადევნება მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მას შესაძლებლობა მიეცა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების, თუმცა მან საუბარი უკრაინულ ენაზე დაიწყო, რასაც მოსამართლის პროტესტი მოყვა. მან მოუწოდა სააკაშვილს, რომ ის ფლობს ქართულ ენას და შესაბამისად, რადგან სამართალწარმოება მიმდინარეობს ქართულ ენაზე მიემართა საზოგადოებისთვის ქართულად. მიხეილ სააკაშვილმა კვლავ განაგრძო უკრაინული მიმართვა, ერთ-ერთ არგუმენტად კი დაასახელა, რომ ის არის უკრაინის მოქალაქე და გააჩნია ამის უფლება.

ამის მიუხედავად, მოსამართლემ სააკაშვილის ონლაინ ტრანსლირების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც დარბაზში პროტესტი და ხმაური მოჰყვა. ერთ-ერთი აქტივისტი ამის გამო დარბაზიდან გააძევეს.

დღის ამბები